თამარ
შარაბიძე
საზოგადოებრივი მოღვაწეობა
ნიკოლოზ
ბარათაშვილი დღესაც საზოგადოებისთვის ცნობილია როგორც უიღბლო გენიოსი პოეტი და არა როგორც საზოგადო მოღვაწე. არადა, რომ გადავხედოთ იმ პერიოდის ქართველთა _ მცირეოდენ, მაგრამ ქვეყნის მდგომარეობიდან გამომდინარე _ საკმაოდ აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას, ნიკოლოზ ბარათაშვილი წარმოჩნდება ზოგან მოთავედ, ზოგან მონაწილედ. პავლე ინგოროყვა, რომელმაც მოგვცა პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების საკმაოდ ობიექტური და შეფასებების მხრივ გადაუჭარბებელი ნარკვევი, ასე ახასიათებს ბარათაშვილის საზოგადოებრივ საქმიანობას: „ნიკოლოზ ბარათაშვილი, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა კაცი იქცა ცენტრად თავისი დროის ლიტერატურული და საზოგადოებრივი ცხოვრებისა; მის გარშემო თავს იყრიან როგორც ახალი, ისე ძველი თაობის მწერლები და ლიტერატურის მოყვარულნი“ (ინგოროყვა 1968 : 43).
ბარათაშვილის ეპოქის
კარგი მცოდნე, ცნობილი მემუარისტი იონა მუნარგია თავის მონათხრობში ხშირად ახსენებს ბარათაშვილს და მის გარშემო შეკრებილ ლიტერატურულ წრეს, რომლის შესახებაც ის საუბრობს ბარათაშვილის თანამედროვეთა ჩვენების მიხედვით. მეუნარგია წერს : „მწერლობის მოყვარე პირნი, რომელნიც ხვდებოდნენ სხვადასხვა დროს, იყვნენ: ზ. ავთანდილაშვილი, დიმიტრი ყიფიანი, მიხეილ თუმანიშვილი, გიორგი ერისთავი, ლევან მელიქიშვილი, პლატონ იოსელიანი, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ორბელიანი, კონსტანტინე მამაცაშვილი..., ზოგიერთი ქართული მწერლობის მოყვარე პოლონელი,როგორიც იყო ზაბლოცკი (თადეუშ ლადი-ზაბლოცკი, ცნობილი პოლონელი პოეტი, საქართველოში გადმოსახლებული), სვიმონ მაჩაბელი, ლუკა ისარლიშვილი და სხვანი. ესენი არ შეადგენდნენ ერთს მჭიდრო წრეს, არ წარმოადგენდნენ ერთ სამწერლო იდეას, მაგრამ ამათში ქართული მწერლობის სიყვარული დიდი იყო...“
(მეუნარგია 1954 : 15-17). მეუნარგია
ამ
საზოგადო მოღვაწეებში გამოჰყოფს ნიკოლოზ ბარათაშვილს, როგორც ამ წრის თავკაცსა და ორგანიზატორს: „ბარათაშვილი მოთავე იყო ამ საზოგადოებისა. ყოველთვის, როდესაც ან შემთხვევა მოიტანდა, და ზემოთნახსენებნი პირნი ერთად სადმე შეიყრებოდნენ, ან საგანგებოდ შეიკრიბებოდნენ, საზოგადო მსჯელობა ამ ქართველ ყმაწვილ-კაცებისა იყო ქართულს მწერლობაზე და ისტორიაზე. ასე ამბობს ორივე ბარათაშვილის ცხოვრების აღმწერი (იგულისხმება კონსტანტინე მამაცაშვილი, პოეტის პირველი ბიოგრაფი და მეგობარი და ნიკოლოზის და _ ბარბარე ვეზირიშვილისა), ასევე გამიგონია პოეტის ნაცნობ-ნათესავთაგან, და არა მგონია, რომ ეს სიტყვები დანაყბედი იყოს“ (მეუნარგია 1954 : 15-17). მემუარისტის მონათხრობში არც ჩვენ გვეპარება ეჭვი, სხვაგვარად შეუძლებელი იყო, რადგან ბარათაშვილი თავის თანამედროვე მწერლობაში გამოირჩევა არა მხოლოდ პოეტური ნიჭით, არამედ დიდი პატრიოტული (უკომპრომისო) სულისკვეთებითა და ენთუზიაზმით, თავისი ვალისა და „წილობის“ ღირსეულად გარდახდის დაუოკებელი სურვილით.
როგორც
დიმიტრი ყიფიანი ერთ კერძო წერილში აღნიშნავს: „მეგობრები იცნობდნენ ბარათაშვილს როგორც საუცხოო ამხანაგს, რომელიც ყოველთვის აცოცხლებდა საუბარს, იცინოდა, აცინებდა, ენამახვილობდა, ერთობოდა და იპყრობდა ხანდახან ყველას ყურადღებას თავის ნაწარმოებებით. მისი მოასაკენი ყველაზე ხშირად ჩემთან იკრიბებოდნენ, აქ იყო ხოლმე იგი განსაკუთრებით თავის კალაპოტში. ტატოს პოეტური ნიჭი ამ წრეში განვითარდა; აქ იგი კითხულობდა პირველად თავის ლექსებს; აქ იგი ისმენდა შენიშვნებს, რასაც თითოეული გამოთქვამდა გულწრფელად... ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს შენიშვნები ეხებოდა მხოლოდ იმას, რაც ხელს შეუწყობდა აზრის გარკვევას, ან უფრო რელიეფურად გამოთქმას“ (ყიფიანი : ).
ალბათ
სწორედ ამ ლიტერატურული წრის საქმიანობაზე საუბრობს ხოლმე ბარათაშვილი ბიძასთან _ გრიგოლ ორბელიანთან _ 1941 წელს მიწერილ წერილებში: „ჩვენმა ლიტერატურამ ორი კარგი თარგმანი იშოვა: კიპიანმა გადმოთარგმნა Ромео и Джулиета, შექსპირის
ტრაგედია, და მე ვთარგმნე Юлий Тарентский , ტრაღედია ლეიზევიცისა; თუ წაგიკითხავს, ბიბლიოტეკაში იყო დაბეჭდილი; მე ძალიან მამეწონა და ჩვენმა განათლებულმა ქალებმაც, ასე გასინჯე, იტირეს“ /1841 წ. 28 მაისი/; „ლიტერატურა
ჩვენი, ღვთით, დღე და დღე შოულობს ახალ მოყვარეთა. მრავალნი ყმაწვილნი კაცნი, მოცლილნი სამსახურითგან, მყუდროებაში და მარტოობაში, შეეწევიან მამეულს ენას, რაოდენიცა ძალუძთ. ესე საზოგადო სული ბუნებითის ენის ტრფიალებისა ყმაწვილთ კაცთ შორის აღმოაჩენს, რომ ქართველთ არა სძინავთ გონებით“ /1841 წელი, 18 ოქტომბერი/ (ბარათაშვილი 1968 : 174-175).
პავლე
ინგოროყვა, რომელიც
ეყრდნობა იონა მეუნარგიას ჩანაწერებს (იხ. იონა მეუნარგიას ჩანაწერები, გამოქვეყნებული ს. ცაიშვილის მიერ, ლიტერატურული მატიანე, 1-2, 1940 : 387), მიუთითებს, რომ 1841 წელს
ზემოთხსენებული სალიტერატურო წრის წევრებს ჰქონიათ მცდელობა ალმანახ „ცდის“ გამოცემისა, რაც საბოლოოდ მათ ვერ მოუხერხებიათ. მეუნარგიას
აზრით, გიორგი ერისთავის „ცისკარი“ სწორედ ბარათაშვილის წრის საქმიანობის ნაყოფია (ინგოროყვა 1968 : 44).
სწორედ
ამ
სალიტერატურო დაჯგუგების მიერ გამოცემული ალმანახის შესახებ არსებობს რამდენიმე ცნობა, რომლებიც თამაზ ჯოლოგუას მოჰყავს თავის წიგნში „ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, XIX საუკუნე, ნაკვეთი I: 1) 1841 წლის 15 დეკემბერს
პოეტი, მემუარისტი, ბარათაშვილის გიმნაზიის ამხანაგი და შემდგომ უკვე ჟურნალისტიკის ისტორიაში ავადსახსენებელი ცენზორი _ ლუკა ისარლიშვილი ქუთაისიდან თბილისში სწერს წერილს მიხეილ თუმანიშვილს. წერილში ნათქვამია, რომ ვერ მოასწრო ბესტუჟევ-მარლინსკის „გამოცდის“თარგმანის
დასრულება და ორი ელეგიური ხასიათის ლექსი გაუგზავნა დიმიტრი ყიფიანს ცნობილი ალმანახისთვის. ამ წერილიდან ირკვევა, რომ თბილისში 40-იან წლებში არის მზადება ლიტერატურული ალმანახის შესადგენად, ხოლო საორგანიზაციო საქმიანობაში ჩაბმულნი არიან დიმიტრი ყიფიანი და მიხეილ თუმანიშვილი, რომელიც ადრეც, გიმნაზიაში სწავლის პერიოდში ხელმძღვანელობდა რუსულ ხელნაწერ ჟურნალს „თბილისის გიმნაზიის ყვავილი“ და ალმანახს. სხვა რამ
ცნობა ამ ალმანახისა და მასში ბარათაშვილის მონაწილეობის შესახებ არ მოგვეპოვება, არც ის ვიცით, რა უნდა რქმეოდა მას და ვისი ნაწარმოებები უნდა დაბეჭდილიყო. 2) არსებობს მეორე ცნობაც, რომ 1840-იანი წლების დასაწყისში ქართველ მწერლებს მანანა ორბელიანისათვის მიურთმევიათ ხელნაწერი ლიტერატურული კრებული. ამის შესახებ დიმიტრი ყიფიანი მოგვიანებით სწერს თავის შვილს ნიკოლოზ ყიფიანს: „ის
წრე, რომელშიც იგი (იგულისხმება ნიკოლოზ ბარათაშვილი) ტრიალებდა... შესდგებოდა მთლად პოეტებისგან, მაგრამ მათი ნაწარმოებები არ შენახულა, ან შენახულა ერთადერთ წიგნაკში, სადაც ეს მათ ჩასწერეს და აჩუქეს, როგორც კრებული, მანანა ორბელიანს“. თამაზ ჯოლოგუა გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა ეს ორივე ცნობა ერთსა და იმავე კრებულს ეხებოდეს (ჯოლოგუა 2011 : 85-86). ჩვენთვის საინტერესოა ეს ფაქტები იმდენად, რამდენადაც მათში ბარათაშვილის მონაწილეობაც იკვეთება (ეს ყიფიანის წერილიდანაც ჩანს), თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ბარათაშვილს ორგანიზატორული ნიჭი აქვს და სათავეში უდგას ლიტერატურულ წრეს და მის საქმიანობას. თანამედროვეთა მიმოწერიდან ეს არ დასტურდება.
გარდა
ზემოთჩამოთვლილი საზოგადოებრივი საქმიანობებისა, ირკვევა, რომ ბარათაშვილი მონაწილეობას იღებდა კერძო საამხანაგო ბიბლიოთეკის დაარსებაში. დიმიტრი ყიფიანი თავის მემუარებში, რომლებიც შეიცავს მე-19 საუკუნის ფრიად მნიშვნელოვან ფაქტებსა და ავტორის დამოკიდებულებას ამ ფაქტებისადმი, მისთვის დამახასიათებელი თავშეკავებულობით აღწერს თბილისში პირველი ბიბლიოთეკის დაარსებას. ის ამ დროს მთავარმართებლის კანცელარიის განყოფილების უფროსად მუშაობდა და მთავარმართებელს _ ევგენი ალექსანდრეს ძე გოლოვინს_ განუცხადა თავისი რამდენიმე „ტოლ-ამხანაგის“ სურვილი კერძო საამხანაგო ბიბლიოთეკის დაარსების შესახებ. მას გოლოვინისგან თანხმობა მიუღია. ამით უსარგებლია დიმიტრი ყიფიანს და მეორე შეხვედრაზევე წარუდგენია მთავარმართებლისთვის „თბილისის კერძო ბიბლიოთეკის“ წესდების პროექტი. გოლოვინს პროექტისათვის ხელი მოუწერია. დიმიტრი ყიფიანს თავის მოგონებებში მოჰყავს ბიბლიოთეკის დამაარსებელთა სახელები და განმარტავს მათ ვინაობას. დამაარსებელთა სია, თანმიმდევრობით გადმოწერილი (ვინაობათა გამოკლებით), ასე წარმოგვიდგება: დიმიტრი
ყიფიანი, ზაქარია ერისთავი, ზაქარია ფალავანდიშვილი, ვახტანგ ორბელიანი, ელიზბარ ერისთავი, ზაქარია ორბელიანი, კონსტანტინე დადიანი, ალექს. ონიკაშვილი, ლევან მელიქიშვილი, ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი, თევდორე კოცებუ, ზნაჩკოიავორსკი, ნიკოლ. ბეზაკი, კონსტანტინე ორლოვსკი, მიხეილ თუმანიშვილი, დიმიტრი ჯორჯაძე, დავით არზანოვი, სერგეი ვასილკოვსკი, დავით ჭავჭავაძე, გრიგოლ დიმიტ. ორბელიანი, ივანე ორბელიანი.
დიმიტრი ყიფიანი მოკლედ აღწერს თითოეული პირის ვინაობასა და საქმიანობას, თან მწუხარებით აღნიშნავს, რომ მათგან მხოლოდ ხუთია ცოცხალი. ბარათაშვილის შესახებ ის წერს: „გუბერ. სეკრ. თ-დი ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი, ქართველი დიდებული პოეტი, ქ. ელისავეტპოლში გარდაცვლილი“ (ყიფიანი 1990 : 122). ჩამოთვლილ პირებს ყიფიანი მხოლოდ თანამდებებების მიხედვით წარმოაჩენს; ბარათაშვილზე კი მიუთითებს, რომ ის პოეტია და თანაც დიდებული. ვფიქრობთ, ბარათაშვილის სახელი მისი გარდაცვალების შემდეგ უფრო გააზრებული ხდება ქართული საზოგადოებისთვის, თუმცა 60-იან წლებამდე ის მაინც ჩრდილქვეშაა (დიმიტრი ყიფიანის მემუარებში შესულია ფაქტები 1884 წლამდე, ამ დროს კი ბარათაშვილი უკვე აღიარებული გენიოსია).
ძნელი
სათქმელია, რა როლს თამაშობდა ბარათაშვილი ამ ბიბლიოთეკის დაარსებაში, მაგრამ ცნობილია, რომ მას ხელი მიუწვდებოდა ხელნაწერებზე. მიხ. ჩიქოვანის პუბლიკაცია გვაწვდის ამის შესახებ გარკვეულ ცნობებს. ირკვევა, რომ ბარათაშვილი თანამშრომლობდა პეტერბურგის სამეცნიერო აკადემიასთან. ისტორია ასეთია: პეტერგურგის სამეცნიერო აკადემიაში მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი მეცნიერი თეიმურაზ ბატონიშვილი, რომლის ინიციატივით ამავე აკადემიაში მიწვეული იყო აკადემიკოსი მარი ბროსე საქართველოს ისტორიული წარსულის შესასწავლად. 1842 წელს თბილისში მარი ბროსეს დავალებით ჩამოდის მისივე კოლეგა, მეცნიერებათა აკადემიის ადიუნკტი იული ფრიჩე ქართული წიგნებისა და ხელნაწერების შესაძენად. მოხსენებაში, რომელიც ფრიჩემ წარადგინა მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ-ლიტერატურულ განყოფილებაში, წერია:
„ბატონ კოლეგა ბროსეს დავალებით თბილისში ყოფნისას შევეცადე ქართული წიგნები შემეძინა...
ხელნაწერები,
რომელთაგან, როგორც ცნობილია, შესდგება ქართული ენის მწიგნობრული სიმდიდრე, როგორც მითხრეს, მხოლოდ იშვიათად და გამონაკლისის სახით იყიდება და მათი შეძენა შეიძლება მარტო პირების გადაღების გზით.
ერთმა
ქართველმა პოეტმა, რომლის გაცნობის შესაძლებლობაც მე თბილისში მქონდა, თავადმა ბარათაშვლმა, თანხმობა განაცხადა, თუ ეს აკადემიისთვის სასურველი იქნება, პირველად დაემზადებინა ნუსხა მისთვის ცნობილი ხელნაწერებისა, და შემდეგ, იმის მიხედვით, რასაც აკადემია ამოირჩევდა, დაემზადებინა მათი პირები. ვეშურები ვაცნობო ეს აკადემიას“ (ჩიქოვანი 1945 : #112).
პავლე ინგოროყვა
ამ
საკითხთან დაკავშირებით აკეთებს კომენტარს: „აღსანიშნავია, რომ ამგვარ სპეციალურ საკითხზე ურთიერთობას ამყარებენ არა იმ პირებთან, რომლებიც ქართული ისტორიისა და ძველი ქართული მწერლობის ძეგლთა შესწავლის დარგში სპეციალურად მუშაობდნენ, არამედ პოეტ ბარათაშვილთან, რომელიც, ჩანს, ყველაზე დიდ ავტორიტეტად ითვლებოდა ამ დარგში“ (ინგოროყვა 1968 : 45).
თანამედროვეთა ნაწერებში პირადად ჩვენ ბარათაშვილის დიდ ავტორიტეტს ვერ ვხედავთ. მისი დაფასება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოდის 60-იანი წლების შემდგომ, როცა ახალმა თაობამ გაისიგრძეგანა პოეტის შემოქმედების მასშტაბურობა და გამოარჩია ის ყველა იმდროინდელ პოეტთაგან. ბიბლიოთელის დამაარსებელთა სიაში ის რიგით მეათე ადგილზეა ნახსენები, ხოლო ხელნაწერთა ნუსხისა და პირების გაკეთებისთვის მისთვის შესაძლოა რამდენიმე მიზეზის გამო მიემართათ: 1) „ბიბლიოთეკის“ დამაარსებელთა საქმიანობა ითვალისწინებდა ქართული ხელნაწერების შეძენას და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას. ამის შესახებ „ბიბლიოთეკის“ ერთ-ერთი დირექტორი _ზაქარია ფალავანდიშვილი 1843 წელს თბილისიდან პეტერბურგში სწერს მარი ბროსეს: „თქვენთვის ახალი ამბავი ისა მაქვს, რომ ბიბლიოთეკამ, რომლის წესდებაც კავკასიის მთავარმართებელმა დაამტკიცა, უნდა შეიძინოს ქართული ხელნაწერები და გააცნოს იგი საზოგადოებას. შესაძლებელია, პატარა გაზეტიც ვიქონიოთ“ (თ. ჯოლოგუას წიგნიდან „ ქართული ჟურნალისტიკის ისტორია“ : 2011 : 91). ბარათაშვილი
ამ
„ბიბლიოთეკის“
ერთ-ერთი
დამაარსებელია; აქედან გამომდინარე, მისი საქმიანობაცაა ხელნაწერთა შეგროვება და პოპულარიზაცია. 2) ბარათაშვილი სიყრმის მეგობარი იყო პეტრე ბაგრატიონისა (ისინი ერთად სწავლობდნენ თბილისის გიმნაზიაში; მოგვიანებით კი პეტრე ბაგრატიონის ოჯახი პეტერბურგში გადასახლდა. თავად პეტრე ეწეოდა როგორც სამეცნიერო, ასევე სამხედრო სამსახურს), თეიმურაზ ბაგრატიონის ახლო ნათესავისა, რომელიც ქართულ ხელნაწერთა მეცნიერული შესწავლის მთავარ ორგანიზატორად გვევლინება; 3) ქართულ საზოგადოებაში ყველამ იცოდა ბარათაშვილის საუცხოო კალიგრაფიის შესახებ; 4) შესაძლოა, ბარათაშვილმა, როგორც პატრიოტმა და ქართული ლიტერატურის მოყვარულმა, თავად გამოიჩინა ინიციატივა, დახმარებოდა ფრიჩეს ქართველებისთვის მეტად სასარგებლო საქმეში. რასაკვირველია, ჩვენი შეხედულება არ უგულებელყოფს მის არც ავტორიტეტს და არც ძველი ქართული მწერლობის ძეგლთა ცოდნას. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ არა ბარათაშვილს, ქართულ საზოგადოებაში ვის ეცოდინებოდა ყველაზე კარგად, რომელი თავადის ოჯახში რა ხელნაწერი ინახებოდა და თუ არა მას, ვის მიუწვდებოდა უფრო მეტად ხელი ამ ხელნაწერებზე?! 4) ასევე _ ბარათაშვილს კანცელარიის მოხელის სამსახური არ ართმევდა ისეთ დიდ დროს, როგორც მისივე წრის სახელმწიფო სამსახურში დაწინაურებულ მეგობრებს.
ნიკოლოზ
ბარათაშვილის ბიოგრაფიისათვის, მისი საზოგადოებრივი ინტერესების წარმოსაჩენად მნიშვნელოვანია კიდევ ერთი მოგონება, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის მასზე, არა როგორც მხოლოდ პოეტზე. მისი მეგობრი, კონსტანტინე მამაცაშვილი გვიამბობს: „ერთს საღამოს ბარათაშვილის სახლში გადავწყვიტეთ, რომ რადგანაც არა გვაქვს ქართული რიგიანი ისტორია, გავიყოთ მე-4 საუკუნიდან დაწყებული, თითომ თითო საუკუნე აიღოს და შეადგინოს ისტორია ამ საუკუნისა. პლ. იოსელიანს მიანდვეს დაწერა ძველის საუკუნეების ისტორიისა ქრისტეს წინათ და შემდეგ მე-5 საუკუნემდისინ. მაშინ ძნელი იყო ამისთანა საქმის აღსრულება, რადგანაც მშრომელნიც ცოტანი ვიყავით და საქართველოს ისტორიის მატიანეები დაფანტული იყო, არ იყო ჯერ შეკრებილი არც ძველი საეკლესიო გუჯრები, არც ბევრი საინტერესო გრამატები თავადების და აზნაურების სახლებში, მარტო მატიანედ იყო „ქართლის ცხოვრება“. მახსოვს,
1838 წელს მე და ტატო წავედით სასეირნოდ გარეთ-უბანს. ტატო ძალიან მხიარულად იყო და თავისებურად მშვენივრად ხუმრობდა. მერე ჩამოვარდა ლაპარაკი ჩვენს წარსულს ცხოვრებაზედ და ტრაგიკულს დასასრულზედ 18-ის საუკუნისა მეფის ირაკლის მოხუცებულობის გამო, უღონობაზედ, ჩვენის ტფილისის წახდენაზედ 1795 წელს 12 სექტემბერს და სხვ. ამ
ლაპარაკის დროს ნიკოლოზს, ყოველთვის მოცინარსა და მხიარულს, სახე გამოეცვალა, დაიწყო ხელსახოცით ცრემლების წმენდა და აღელვებულმა მითხრა: „ _ ჩვენმა
უხეირობამ დაგვღუპა! _ და ოხვრით დაუმატა: _ ვაი ჩვენო ქართლის ბედო!“ დიდხანს
დავდიოდით თავჩაღუნული და მოწყენილი“ (გაზ. „დროება“, 1881 : #206).
როგორც
ჩანს, ლიტერატურულ საკითხებთან ერთად ბარათაშვილი საქართველოს ისტორიის მეცნიერულ შესწავლასაც გეგმავდა და არ იყო ამ საკითხებში დილეტანტი. აქ კიდევ ერთი დეტალი შეიძლება გამოიკვეთოს. ბარათაშვილი არა მარტო თვითონ გეგმავდა საქართველოს ისტორიის საკითხებზე მუშაობას და მას არა მარტო თავისი (ლიტერატურული და არა სამეცნიერო) წრე მიიჩნევდა კომპეტენტურად, არამედ _ სხვაც. ბარათაშვილის თხზულებათა 1922 წლის გამოცემაში შესულია ცნობილი მეცნიერის, ნაშრომის _ „Нумизматические факты Грузинского царства“ _ ავტორის, მიხეილ ბარათაევის წერილი მელიტონ ბარათაშვილისადმი. წერილი დათარიღებულია 1846 წლის 20 სექტემბრით. მიხეილ ბარათაშვილს არ გაუგია პოეტის გარდაცვალების ამბავი და სწერდა მელიტონს: „მეტისმეტად გამახარებდა ჩვენი საერთო საყვარელი ნიკოლოზ მელიტონის ძე (საუბარია ტატო ბარათაშვილზე), თუ იგი შეავსებდა თავისი უხვი ცოდნითა და ნიჭით თავისი მოხუცი პაპის (წერილის ავტორი თავის თავს გულისხმობს) პირველ ნაშრომს“ (იგულისხმება ზემოთ დასახელებული ნაშრომი) (ბარათაშვილი 1922 : 144-145).
მიხეილ ბარათაშვილი იყო შთამომავალი ვახტანგ VI-ის დროს (მე-18 საუკუნეში) რუსეთში გადასახლებული ერთ-ერთი ქართველისა, მელქისედეკ ბარათაშვილისა, რომელიც 1724 წელს მეფე ვახტანგს რუსეთში გაჰყვა და იქ დასახლდა. მიხეილ ბარათაშვილი რუსეთში დაიბადა და გაიზარდა, მონაწილეობდა დეკაბრისტების აჯანყებაში, ჰქონდა ევროპული განათლება, მსახურობდა რუსეთის გუბერნიებში უმაღლეს თანამდებობებზე, მათ შორის 1839-1843 წლებში _ თბილისში, ამიერკავკასიის საბაჟოს გამგედ. სწორედ ამ პერიოდში დაუახლოვდა ის მელიტონის ოჯახს, განსაკუთრებით კი ტატოს, როგორც ნიჭიერ ახალგაზრდას. ბარათაშვილმა სწორედ მას მიუძღვნა თავისი ლექსი „საფლავი მეფისა ირაკლისა“ და აგრეთვე ცნობილი წარწერა „კნიაზ ბარათაევის აზარფეშაზედ“ _ „ამავსებ ღვინით, აგავსებ ლხინით. შესვი? გაამოს“ (ბარათაშვილი 1966 : 127). ლექსი
„საფლავი
მეფისა ირაკლისა“ შესულია გრიგოლ ორბელიანისადმი მიწერილ წერილში. ბარათაშვილი წერს ბიძას: „...აი
ჩემი უკანასკნელი ლექსი, რომელიც კნიაზ ბარათოვს ალბომში ჩაუწერე, მისის თხოვნით, _ ისიც ამ ორ დღეს უკან მიდის პეტერბურღში с большим запасом сведений об исторической Грузии“ (ბარათაშვილი
1968 : 181).
ეჭვსგარეშეა, რომ ასეთი ისტორიული მნიშვნელობის ლექსის მიძღვნა აუცილებლად კავშირშია ამ ორი ადამიანის _ მიხეილისა და ტატოს _ საერთო ინტერესებთან საქართველოს ბედთან დაკავშირებით; წერილიდან ჩანს, ბარათაევის დიდი დაინტერესება საქართველოს ისტორიული დოკუმენტებით; ნოკოლოზ ბარათაშვილი ყოველივეს საქმის კურსშია. დანარჩენის თქმა მხოლოდ წარმოსახვით თუ შეგვიძლია. ერთი რამ კი ცხადზე ცხადია, მიხეილ ბარათაშვილს აქვს ახალგაზრდა ბარათაშვილის იმედი და დარწმუნებულია მის ცოდნასა და განსწავლულობაში სწორედ საქართველოს ისტორიის განხრით. ამ რწმენას მას ჩაუნერგავდა თუნდაც მისადმი მიძღვნილი ლექსი _ „საფლავი მეფისა ირაკლისა“, რომელშიც ჩანს არა მხოლოდ გრძნობები, არამედ ისტორიკოსის თვისება ფაქტის მშრალი, მასშტაბური და შორსმჭვრეტელური შეფასებისა. გარდა ამისა, მას სავარაუდოდ აუცილებლად უნდა სცოდნოდა პოემა _ „ბედი ქართლისაც“, რომელიც 1839 წელსაა დაწერილი, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც მიხეილი თბილისში მოღვაწეობდა და ახლობლობდა მელიტონის ოჯახთან.
როგორც ვხედავთ, ბარათაშვილი მონაწილეობს თბილისის ბიბლიოთეკის დაარსებაში, ხელნაწერთა მოძიებისა და პოპულარიზაციის საქმეში და ხელნაწერ ალმანახში, რომელშიც სავარაუდოდ შესული იქნებოდა მისი ლექსები; აქვს ინტერესი საქართველოს ისტორიის მეცნიერული შესწავლისა. ის არ არის ამ საქმიანობების ორგანიზატორი, როგორც ხშირად სურთ, რომ წარმოაჩინონ, მაგრამ არის ერთ-ერთი მონაწილე და საკმაოდ აქტიურიც. ორგანიზატორობის ნიჭის უქონლობა არაფერს აკლებს ბარათაშვილის პიროვნებას. პირიქით, წარმოუდგენელიცაა ბარათაშვილის მღელვარე სულისა და ორგანიზატორის მიზანმიმართული ქმედებების ერთ პიროვნებაში მოაზრება.
პოეტის
პირადი ცხოვრება
ბარათაშვილის
პირადი ცხოვრების შესახებ პოეტის თანამედროვენი არ საუბრობენ, მაგრამ მისი მხატვრული და ეპისტოლარული მემკვიდრეობა საუკეთესო მასალაა ნიკოლოზ ბარათაშვილის მღელვარებით აღსავსე სულიერი ცხოვრების ამოსაკითხად. პოეტის პირველი სიყვარული ყაბახს უკავშირდება. ყაბახი ერქვა მინდორს ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღევანდელი რუსთაველის პროსპექტისა და მტკვრის სანაპიროს შუა. ეს იყო თბილისელთა თავშეყრისა და სეირნობის ადგილი, რაც ნათლად ჩანს ბარათაშვილის ლექსშიც „ღამე ყაბახზედ“:
„აქა
გუნდ-გუნდად დარაზმულნი აქა-იქ ქალნი
პირად-პირადად სეირნობენ, კეკლუც-მოსილნი,
და
მათ გარემო შეფრფინვიდენ ყმაწვილნი კაცნი,
ზოგნი
დაბძნილნი, ზოგნი ტრფიალ და ზოგნი ანცნი.
თვითონ
ცის მთვარეც მოწიწებით ღრუბელთ ეფარა,
რომ
ქვეყნის მთვარეთ შეეტრფოდენ და მას კი არა“
(ბარათაშვილი 1968 : 93).
თბილისური შექცევაა დახატული ლექსში _ ტრფიალი და არშიყი, მტკვარიც კი მიჯნურს დამსგავსებია ადამიანთა შემხედვარე. ახალგაზრდა, 19 წლის ბარათაშვილი ქალებში თეთრკაბიანს გამოარჩევს. ისიც მაშინვე იცნობს პოეტს. ტატოს გულს ცეცხლი ედება, სილაღეს კარგავს. ეს ქალი ადრეც უნახავს ქალთა საზოგადოებაში, მაგრამ შემდეგ თვალი აღარ მოუკრავს და აი, ახლა ის მორცხვად დგას, „ვით ქურციკი ვეფხვთა შორისა“ და ყელი აუღერებია. ქალმა გაუღიმა. ამან გაამხნევა პოეტი და გამოლაპარაკება გაბედა. ლექსში დაწვრილებითაა გადმოცემული მათი დიალოგი:
„და
ასე ვუთხარ: „ნეტარ მე, რომ მეღირსა კვალად
სანატრი ჩემთვის ნახვა თქვენი აწ მხიარულად!“
„გმადლობთ, _ მითხრა მან, _ რომ თქვენ მაინც გახსოვართ კიდევ:
ახლა
მოდაა, ვინც ვის იცნობს, ივიწყებს ისევ“
_ „დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ვერც მოდები
ვერ
მომიშლიან თქვენსა ხსოვნას და ვერც დროები!“
(ბარათაშვილი 1968 : 93).
ამ სიტყვებზე
ქალს სახე აუწითლდა, ნიავმა თეთრი კაბა აუფრიალა და „ბუდეშური ფეფები“ გამოუჩინა. ამის შემხედვარე პოეტს ცნობა დაებინდა. სატრფო სხვამ იხმო და ისიც თვალს მიეფარა, როგორც ნათელი.
ცხადია, ამ უცნობი
ქალისადმი ბარათაშვილი გამიჯნურებულია. ის დაწვრილებით აღწერს მის გამოჩენას, მასთან საუბარს, მისი სხეულის დეტალებს, თავის განცდებს. ქალი რეალური სატრფოა, ამას მოწმობს ბარათაშვილის წერილიც გრიგოლ ორბელიანისადმი, რომელშიაც ყაბახის სიტუაციის აღწერის შემდგომ თავიდან ბოლომდეა მოყვანილი ლექსი „ღამე ყაბახზედ“. აი რას
სწერს ბიძას ყმაწვილი დიშვილი: „ამ
წარსულს ზაფხულში, ერთ შვენიერს, მთვარიანს ღამეში, ყაბახზედ დავიარებოდი, სადაც მისმან შვენებამ, სატრფოთ მარაქამ, მათმან უწინდელებრ კიდევ დარდიმანდობამ სრულიად განატკბეს სახედველი, აღმიტაცეს ფიქრნი, წარმიღეს გონება“ (ბარათაშვილი 1968 : 170). პოეტი
არ
წერს გრიგოლ ორბელიანს სატრფოს ვინაობის შესახებ; შესაძლებელია, გრიგოლ ორბელიანმა კიდევაც იცის, ვინ არის მისი რჩეული. ბარათაშვილის თანამედროვეთა მოგონებებისა და წერილებში გაფანტული ცნობების მიხედვით, მკვლევარები ფიქრობენ, რომ ეს ქალი ნინო ორბელიანია, მაგრამ კონკრეტულად ვინ, ვისი შვილი, ვისი ნათესავი, არ ასახელებენ. ყველგან მიღებული და საზოგადოების ცენტრში მყოფი ბარათაშვილი მას იშვიათად ნახულობს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, ის არც იყოს თბილისელი. ამას ხელს უწყობს სატრფოს მორიდებულობა და ამით გამორჩეულობა სხვა ქალთაგან.
იდუმალებით
არის მოსილი ბარათაშვილის სიყვარული დელფინა ლაბიელისადმი, ფრანგი მეკონდიტრის ქალიშვილისადმი. ამ რომანის შესახებ ცნობას გვაწვდის ბარათაშვილის გიმნაზიის ამხანაგი, ლუკა ისარლიშვილი. ის ძალიან ზოგადად საუბრობს ბარათაშვილის შესახებ და ბოლოს დასძენს: „უყვარდა ფრანცუზის, ბაშმაჩკინის ქალი დელფინი, ძალიან უყვარდა ის ქალი. ერთხელ გაებუტა და მაშინ დასწერა: „რად მრისხანებ...“
თუ ამგვარი ლექსი („ლიტერატურის მატიანე“ 1840 : 387).
ლუკა ისარლიშვილის მიერ ნახსენები ლექსის სათაურია „ჩემს ვარსკვლავს“. იგი 1837 წელსაა დაწერილი, მანამდე, სანამ ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში ეკატერინე ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი ლექსები ჩნდება. ლექსიდან ჩანს, რომ სატრფოს ეშხი, მისი გარეგნული სილამაზე პოეტს გულზე ცეცხლს უკიდებს და უსაზღვრო ბედნიერებას ანიჭებს:
„რა
სახითაც გინდა შენ მე მეჩვენო,
მაინც გიცნობ, მშვენიერის ცის მთენო:
ნათელი ხარ შენ ნათელის სულისა,
მალხინებელ დაბინდულის გულისა“
(ბარათაშვილი 1968 : 98).
როგორც ჩანს, ბარათაშვილმა ამ ქალიშვილს კიდევ ერთი ლექსი მიუძღვნა _ „ასტრა“, რომელიც, სამწუხაროდ, დაკარგულია. ამ ლექსზე საუბრობს პოეტი მიხეილ თუმანიშვილისადმი გაგზავნილ წერილში: „ბოლო
წერილი მე და ზაქარია ორბელიანმა ერთად წავიკითხეთ. ეს იყო კრიტიკა, ანუ უკეთ ეპისტოლე, „ასტრას“ ავტორისადმი. ძალიან კარგი! ოღონდ მე მგონია, იგი მიზანს ვერ მიაღწევს, ესე იგი, შენ ვერ გაიგებ, ვინაა ეს უცნობი ასტრა. ეს ავტორის საიდუმლოა. იგი არც შენთვის წერდა და არც ქვეყნისათვის, წერდა მხოლოდ ი მ ი ს ა თ ვ ი ს, ერთადერთისათვის. მას ესმის დამწერისა და დამწერი ამით კმაყოფილია. სხვა რაღა უნდა? შენ გაუგე თუ არა მას, ეს არც არის საჭირო. ჩვენ ყველამ მხოლოდ ის ვიცით, რომ საგანი ლექსს ამშვენებს. ხოლო თუ გინდა იცოდე მნიშვნელობა თვით სიტყვისა _ „ასრტა“, ამის გაგება სულ ადვილია _ იგი აღებულია ფრანგულიდან „astere“, რაც ჩვენებურად, ძმაო, თავყანა, ნიშნავს: მთიები. _ ასე, ჩემო ბატონო“ (ბარათაშვილი 1968 : 172). წერილიდან
ნათელია, რომ ბარათაშვილი მთელი არსებით შეყვარებულია, რაკიღა სატრფოს მთიებად, ცისკრის ვარსკვლავად მიიჩნევს. ჩანს, რომ სატრფოც თანაუგრძნობს მას, რადგან ესმის „დამწერისა“. ბარათაშვილი
თუმცა არ ასახელებს მის ვინაობას, მაგრამ მოყვანილი ფაქტით მიახვედრებს მეგობარს, ვინც უნდა იყოს: „ახალ
ამბავს გეტყვი, თუ არ გაჯავრდები. დღეს საღამოს წყნეთში მივემგზავრები. _ რატომ? იმიტომ, რომ ი ს იქ გახლავთ. დედამისმა მთხოვა რამდენიმე დღე მათთან გავატარო. როგორი იქნება ეს დღეები? ახ? მაშ, მოკვდი, ბზ! (იქვე); თანაც ახარბებს თავის მდგომარეობას.
სხვა
წერილებიდან არ ჩანს, როგორ განვითარდა ეს სიყვარული, მაგრამ ფაქტია, რომ მალევე დასრულდა. 1838 წლიდან იწყება ბარათაშვილის „ხანიერი“ და ნამდვილი სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი. გრძნობის ხანმოკლეობის გამო, საფიქრებელია, რომ დელფინა ლაბიელიც, ისევე როგორც ყაბახზე ნანახი ქალი, მხოლოდ გატაცება აღმოჩნდა პოეტისათვის.
ეკატერინე
ჭავჭავაძეს ბარათაშვილი ბავშვობიდანვე იცნობდა. მელიტონ ბარათაშვილი და ალექსანდრე ჭავჭავაძე ოჯახებით ახლობლობდნენ და ხშირი მისვლა-მოსვლა ჰქონდათ ერთმანეთთან. 40-იან წლებში მთელ საქართველოში ცნობილია ალექსანდრე ჭავჭავაძის ლიტერატურული სალონი, რომელსაც, რა თქმა უნდა, პოეტი ბარათაშვილიც ხშირად სტუმრობს; კითხულობს კიდეც ის აქ თავის შემოქმედებას. გადმოცემით, ბარათაშვილმა თავისი პოემა „ბედი ქართლისა“ სწორედ ალ. ჭავჭავაძის სახლში წაიკითხა 1839 წელს. ბართაშვილი
მეგობრობდა ამ ოჯახის უფროს ქალიშვილებთან _ ნინოსთან და ეკატერინესთან. თუ როდის გადაიზარდა მეგობრობა სიყვარულად _ ამის გასარკვევად და კიდევ ამ გრძნობის დაწვრილებით, თავისი პერიპეტიებით, გადმოსაცემად მივყვეთ ბარათაშვილის წერილებსა და ლექსებს.
ეკატერინეს
სახელი მეტაფორულად პირველად 1838 წელს მიხეილ თუმანიშვილისადმი კახეთში მიწერილ წერილში გაჟღერდა. ბარათაშვილი სთხოვს მეგობარს შეატყობინოს, თუ როგორ არის „ალაზნის ველის ქალწული“. ამ დროს მოწონება სიყვარულში ჯერ კიდევ არ იყო გადაზრდილი. სიყვარული უცებ დაატყდა ბარათაშვილს თავს. ეს იყო 1839 წელს. ტატოს ემოციური ბუნების წარმოსაჩენად ლევან მელიქიშვილს იონა მეუნარგიასთვის უამბია ლექსის _ „საყურე“ _ შექმნის
ისტორია: „ბარათაშვილი იყო თურმე მიწვეული საგინაშვილის სიდედრთან საღამოზე და იქიდან შემოვარდა ყაფლან ორბელიანთან, საცა დაუხვდა იმას ლევან მელიქიშვილი.
_ ლევან,
ლევან! გავგიჟდი! მეტი აღარა ვარ! ეკატერინა იქ არის და მისმა საყურეს თამაშმა გადამრია! ღვთის განაჩენი კაცი ვერ ნახავს ვერაფერს უკეთესს“. და ამ საღამოს დასწერა სახსოვრად ლექსი „საყურე“ (მეუნარგია, „ლიტერატურის მატიანე“ 1840 : 38).
ამავე
პერიოდში არის დაწერილი ლექსი _ „თავადის ჭ...ძის ასულს, ეკ...ნას“, რომელშიაც
იხატება მომღერალი ეკატერინეს სახე:
„ხმით მშვენიერით,
ტკბილის სიმღერით,
ჰაეროვანო, სულს ელხინები!
...................................................
მახსოვს სიამით,
ოდეს ტკბილი ხმით
ვარდსა და ბულბულს მოელხინარე“
(ბარათაშვილი 1968 : 101).
ამას მოსდევს
ლექსი „...ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი“. აქაც სატრფო იმავე მომღერალი სახით არის წარმოჩენილი, თუმცა მის ლამაზ სახეს სევდა ეტყობა და კიდევ უფრო ამშვენიერებს „ღაწვნი ნაცრემლნი“.
1839 წელსვე
ეკატერინე გაათხოვეს სამეგრელოს მთავარ დავით დადიანზე. დავით დადიანი ალექსანდრე ჭავჭავაძისთვის ბევრად უკეთესი სასიძო იქნებოდა, ვიდრე გაღარიბებული ოჯახის შვილი _ ნიკოლოზ ბარათაშვილი. ეკატერინე ამ ქორწინებით სამეგრელოს დედოფალი გახდა. თანამედროვეთა მოგონებებით, ეკატერინეს ჯვრისწერის დროს გული შეუწუხდა, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. შემონახულია ზაქარია ორბელიანის მანანა ორბელიანისადმი მიწერილი წერილიც: „დონზე მომეწია გალავინის ცოლი და მარია პეტროვნა იმ დროს, როდესაც მე ფოშტით მივდიოდი ჩერქეზ-ქირმანიდან. დავაყენებინეთ კარეტა და რამდენიმე ხანი ვილაპარაკეთ, _ მათ შორის კატინას ამბავიცა, და იმის გულისწუხილიცა ქორწილის დროსო მითხრეს, და სხვანი, და სხვანი...“
(საქართველოს ცენტრალური არქივი, საქმე # 176).
ეკატერინეს
გათხოვებას მოჰყვება ბარათაშვილის სულიერი დაობლება. ლექსში „სული ობოლი“ კარგად
ჩანს, რომ ეს მძიმე სულიერი მდგომარეობა „ტოლის“ დაკარგვით არის გამოწვეული. „ტოლი“ კი სატრფოა. ბარათაშვილი მომდევნო ლექსშიც _ „სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი“, რომელიც
ეკატერინესადმია კვლავ მიძღვნილი, იგონებს სატრფოს ცრემლიან თვალებს. ეს იმ წუთების გახსენება უნდა იყოს, როდესაც ეკატერინა ფორტეპიანოსთან მღეროდა, მაშინ ვერ ახსნა პოეტმა, რას ნიშნავდა ეს ცრემლი; მხოლოდ მერე მიხვდა სატრფოს თვალთა მეტყველებას:
„თურმე ცრემლი უცნაური
მოელოდა ჩემს ობლობას“
(ბარათაშვილი 1968 : 107).
ამის
შემდეგ გადის დრო და ბარათაშვილის შემოქმედებაში კვლავ ჩნდება იმედი. პოეტი ქმნის ლექსს _ „აღმოხდა მნათი“ , რომელშიც აშკარად შეიგრძნობა სატრფოსთან ურთიერთობის აღდგენა:
„აღმოხდა
მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი,
მცირითა შუქით გარდუყარა ცასა ღრუბელი,
დიდ
სამქუხარო, საავდარო, და მეც, გლახ, გული
მსწრაფლ განმითენა, შავ-ბედისგან დაღამებული“
(ბარათაშვილი 1968 : 109).
პოეტს
განუახლდა „მიყრუებულნი გულის ჭირნი“, განუახლდა წარსულ დღეთა ნეტარება, კვლავ აიღო ხელში დაჟანგებული სანთური და შეუერთა ფიქრი სატრფოს ციურ ხმას. ეკატერინესადმი მიძღვნილ ლექსებში ყოველთვის ყურადღება გამახვილებულია სატრფოს ხმაზე ან მომღერალ სატრფოზე.
რა
ხდება? რისი იმედი მიეცა ბარათაშვილს? ლექსი რომ ახალი სატრფოსადმი არ არის მიძღვნილი, აშკარაა. საქმე ისაა, რომ 1940 წელს ქმართან მუდმივ უსიამოვნებაში მყოფი ეკატერინე ჩამოვიდა თბილისში და კვლაც განახლდა მათი ურთიერთობა. ამ დროს წერს ბარათაშვილი თავის შედევრს _ „არ
უკიჟინო, სატრფოო“. ჩანს,
ეკატერინეც ელოდა მისგან ტრფიალს, რაზედაც მიგვანიშნებს ლექსის დასაწყისი:
„არ
უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულის-თქმა;
მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!“
(ბარათაშვილი
1968 : 110).
ლექსში
სიყვარული წარმოდგენილია მშვენიერ, სამყაროს მაცოცხლებელ, სიკეთის მომტან, სულთა კავშირად, რაც მიგვანიშნებს სატრფოსთან პოეტის ჰარმონიულ და შეთანხმებულ დამოკიდებულებაზე.
ეკატერინე
ჭავჭავაძისა და ბარათაშვილის მეგობრულ-სასიყვარულო ურთიერთობა გაგრძელებულა მთელი წელი. სწორედ ამ პერიოდში _ 1840-1841 წლებში _ იქმნება ეკატერინესადმი მიძღვნილი კიდევ ორი ლექსი: „როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა“ და „ცისა ფერს“. პირველი წარმოადგენს რუსეთში ცნობილი რომანსის _ „С тобой вдвоем сколь счастлив я“
_ გადმოკეთებას, მეორე ლექსი კი შექმნილია ალ. ჭავჭავაძის მიერ გადმოკეთებული რუსული სასიმღერო რომანსის _ „ფერსა შავს“_ ანალოგიით,
მაგრამ წარმოადგენს მის საპირისპირო განწყობასა და ზოგადად, სამყაროს საპირისპირო აღქმას. საფიქრებელია, რომ ეს ლექსები ბარათაშვილმა ეკატერინესთვის სასიმღეროდ დაწერა, რადგან მხოლოდ მისთვის მიძღვნილ რვეულში შეიტანა. თავისი ლექსების კრებული ეკატერინე ჭავჭავაძეს მან 1841 წელს მიართვა. ამის შემდეგ კი მათ შორის კვლავ უთანხმოება წარმოიშვა, რაზედაც მიგვანიშნებს ბარათაშვილის მაიკო ორბელიანისადმი მიწერილი, საოცრად ტრაგიკული, წერილი:
„კიდევ მამნახა ჩემმა ჩვეულებრივმა მოწყინებამ. ვისაც ს ა გ ა ნ ი აქვს, ჯერ იმის სიამოვნება რა არის ამ საძაგელს ქვეყანაში, რომ ჩემი რა იყოს, რომელიც, შენც იცი, დიდიხანია ობოლი ვარ ... ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა, იგი ვნახე უგულო!.. ვისიცა ცრემლნი მეგონებოდენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმე ყოფილან ნიშანნი მცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა! სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკო თავი? ვიცი, გაიცინებ, ასე გეგონება, დამწვარი ვლაპარაკობ. ჭეშმარიტად, მაიკო, ასე გულცივად ჯერ განსჯა არა მქონია. ასეთი თავისუფალი ფიქრი მაქვს და ასეთი მტკიცე გული, რომ სამოცის წლის მოხუციც ვერ იქნება ჩემისთანა უსყიდელი მსაჯული. _ მოიგონე ცოტა ხანს დრონი წარსულნი და მაშინ შემიბრალებ. ყმაწვილობითვე შეჩვეული რაზედმე სული, ძნელადღა გარდაიცვლის ჩვეულებას და ვიდრემდის სრულიად გარდაეჩვევა, მწარეა ტანჯვა და ბრძოლა მისი“ (ბარათაშვილი 1968 : 180).
რა
მოხდა? რამ გამოიწვია ასეთი ტრაგიკული განცდა, რომ სამოცი წლის მოხუცივით უსყიდელია ახალგაზრდა კაცი?! სავარაუდოდ, მიზეზი ეკატერინეს ოჯახში, ქმართან დაბრუნებაა, მაგრამ ზოგადად პოეტის სევდა გაცილებით ბევრ ტკივილს იტევს, ვიდრე საყვარელ ადამიანთან განშორებაა. თავად დათრგუნულ ბარათაშვილს ყოფნის იმის ძალაც, რომ თავის უახლოეს ადამიანს, სულიერ მეგობარს _ მაიკო ორბელიანს _ ურჩიოს: „დაიმარხე მშვენიერება სულისა, უმანკოება გულისა, აი ჭეშმარიტი ბედნიერება, უმაღლესი სიამე, რომელსაც კი კაცი წაიღებს ამ სოფლისაგან. სხვათა ბედნიერებათა სოფლისათა უყურე გულგრილად, ამაყად და გრწამდეს, რომ იგინი შეურჩენელნი არიან“ (იქვე). აკ. გაწერელიას თქმით, ამ სიტყვებში ბარათაშვილის „სულიერი არისტოკრატიზმი“ წარმოჩნდება (გაწერელია 1978 : 137).
სწორედ
ასეთი მწვავე სულიერი განცდის შემდეგ იქმნება ლექსი _ „ვპოვე ტაძარი“. მასში გამოხატულია მშვენიერ სულთა კავშირის რღვევით გამოწვეული დიდი სულიერი ტრაგედია. მას მოჰყვება ლექსი _ „ჩემთ მეგობართ“, რომელშიაც ცხოვრებისგან მწარე გამოცდილებამიღებული პოეტი მეგობრებს ურჩევს:
„არ შეემსჭვალოთ მოკისკასეს, კეკელა ქალსა,
სულის დამტყვევნელს და გრძნობათა ცრუდ მომღერალსა!
აშიკის ენა მას ახარებს, მას ასულდგმარებს,
ხოლო სიყვარულს გული მისი ვერ მიიკარებს!“
(ბარათაშვილი 1968 : 117)
ლექსის
დიდაქტიკურ და ერთი შეხედვით უდარდელ ტონში მაინც იკითხება ის დიდი ტკივილი, რომელიც პოეტს ეკატერინესთან დაშორებამ მოუტანა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეკატერინეს შინაურობაში მოფერებით კეკელას ეძახდნენ და „კეკელა“ ქალზე ზოგადი საუბარი ორმაგ მინიშნებასა და სახელდებას შეიცავს. ეკატერინესთვისაც საწყენი უნდა ყოფილიყო ბარათაშვილის მხრიდან მისი ასეთი გამეტება.
1842 წელს იქმნება
ბარათაშვილის კიდევ ერთი შედევრი, რა თქმა უნდა, ეკატერინე ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი, „რად ჰყვედრი კაცსა“. წინა ლექსებისაგან განსხვავებით, მასში მძაფრ ემოციას ფილოსოფიური განსჯა ცვლის, უაღრესად დახვეწილი პოეტური განმარტება სილამაზისა და მშვენიერების, სიყვარულისა და უკვდავების. თუმცა ლექსში მაინც შეიგრძნობა პიროვნული დამოკიდებულება კონკრეტული ქალისადმი, რომელიც თავისი ცვალებადი გრძნობის მიუხედავად, პირიქით საყვედურებს კაცს „პირუმტკიცობას“. ვფიქრობთ, ეს ბიოგრაფიული დეტალია ლექსში ჩაქსოვილი და ეკატერინეს საყვედურზე მიგვანიშნებს. როგორც ირკვევა, 1842 წლის ბოლოს ისინი კვლავ შერიგებულან. ბარათაშვილმა კიდევ სამი ლექსი უძღვნა ეკატერინეს. ეს ლექსებია: „მიყვარს თვალები“, „შენნი დალალნი“ და „შევიშრობ ცრემლსა“. მათში ჩანს, რომ პოეტი შეგუებულია სატრფოსგან მიღებულ ჭირს, ტანჯვას, ცრემლს და მაინც ბედნიერია, რადგან სატრფო „ციურ ნიჭს“ _ აღმაფრენას ანიჭებს ამ ქვეყნად, ხოლო სიკვდილით უკვდავებას აზიარებს.
1843 წელს
ნიკოლოზ ბარათაშვილმა ეკატერინე ჭავჭავაძეს მიართვა თავისი ხელით გადაწერილი კიდევ ორი რვეული (პირველი მიართვა 1841 წელს): „ლექსნი“,
რომელშიც შესულია 26 ლექსი, და პოემა „ბედი ქართლისა“.
ნიკოლოზ
ბარათაშვილის გარდაცვალების შემდგომ ეკატერინე ჭავჭავაძემ იზრუნა მის სახელზე. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ პეტერბურგის ქართველი სტუდენტობა 60-იან წლებში ბარათაშვილის ლექსებს ეცნობა და სათანადოდ აფასებს თანამედროვეთაგან ვერშემჩნეულ გენიოსს.
პოეტის
ახლობელთა წრე
ნიკოლოზ
ბარათაშვილს არც კანცელარიის მოხელეობა, არც საზოგადოებრივი ინტერესები, არც ოჯახის მძიმე მდგომარეობა და არც სულიერი ტრაგედია ხელს არ უშლის იყოს თავისი დროის არისტოკრატიული საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. არც ერთი ქორწილი, ღამისთევა თუ შეკრება მის გარეშე არ იქნებოდა. მუდამ ნახავდით ყაბახზე მოსეირნეს. განსაკუთრებით სასურველი იყო ბარათაშვილისთვის ორბელიანთა უბანი, ე.წ. მისი დედულეთი, ქართული არისტოკრატიის ცენტრი, რომელიც დასახლებული იყო მისი ნათესავებითა და მეგობრებით. აქ ორბელიანებთან ერთად ცხოვრობდნენ: ბარათაშვილები, ერისთავები, ციციშვილები, ჩოლოყაშვილები, ანდრონიკაშვილები, თარხნიშვილები, მუხრანელები, მაჩაბლები. ამ თავადთა ოჯახებსა თუ სალონებში პოეტისათვის მუდამ კარი იყო ღია. ბარათაშვილი ესწრებოდა მათ წვეულებებს, მეჯლისებს, ჭირისა თუ ლხინის თავყრილობებს. მხიარულსა და ენამოსწრებულს ყველგან სიხარულით ხვდებოდნენ. მასაც უმალვე შეეძლო მოწყენილი განწყობის მხიარულებით შეცვლა. განსაკუთრებით ქალების საზოგადოება უყვარდა. აინტერესებდა მათი სასიყვარულო თავგადასავლები, ჭორები; მეგობრობდა მათთან და პატარ-პატარა საჩუქრებითაც ანებივრებდა; ხანდახან აჯავრებდა და ხუმრობით ერთმანეთს წაჰკიდებდა-ხოლმე; ქალებთან უვარდა ყოფნა და მუსაიფი, მათთან ცელქობა და გაბუტებაც კი. ყველაზე ადრე ბარათაშვილი იგებდა, ვის ვინ მოსწონდა, ვინ ვის ეარშიყებოდა, ვის ვინ უნდა მოეყვანა ცოლად. იყო ენამახვილი. ერთ-ერთი თავყრილობის დროს, რომელსაც თურმე პლატონ იოსელიანიც ესწრებოდა, ცნობილი მწერალი და ღვთისმეტყველი, ვიღაცას უკითხავს: _ ბერძენ-რომაელებს რომ ყველაფრის ღმერთი ჰყავდათ, ნეტავ ვირების ღმერთიც თუ ჰყავდათო? ბარათაშვილს უპასუხია: _ეს პლატონს უნდა ვკითხოთ, ის არის ბოღ-ასლოვიო (მეუნარგია). ბარათაშვილს იმდენად უყვარდა ხუმრობა, რომ ზოგჯერ ზედმეტიც მოსდიოდა, რის გამოც თავის ბიძას, სკოლის მეგობარ ილია ორბელიანს დუელშიც კი გაუწვევია. თავის წერილებში ახლობლებთან ბარათაშვილი დიდ ყურადრებას უთმობს თავისი წრის ცხოვრებას, ჭორებს, იცის, რომ ეს თბილისს მოშორებულთათვის განსაკუთრებით საინტერესო და სახალისოა: „თუ
ქალაქის ამბავი გინდა, _ სწერს ბიძას, გრიგოლ ორბელიანს, _ სწორე გითხრა, ბევრი ჭორიანობაა და ჭირიანობა; ორივ ერთია; მაგრამ ჭირი ტყუილია ამ ხელად და ჭორი კი მართალი, _ დიდი დაძგერებაებია ქალებისა; დიდი აყალ-მაყალი; დიდი ტირილი; დიდი ღამის თევაები; დიდი წვეულებაები ერთმანერთის ჯავრით. დაწვლილებით მოგწერდი ყოველს ფერს, მაგრამ კვლავ იყოს, როცა მოცლით ვიქნები. ამ ამბავს დიდი აწერა უნდა“ (ბარათაშვილი 1968 : 174); ის დაწვრილებით
აღწერს ხან ყაფლანის ვაჟის ნათლობას, ხან თავისი დის ქორწილს, ხან პლატონ იოსელიანის ბაკენბარდის ჩამოშლას, გალავინის ცოლის ნათქვამებს და კიდევ ვინ მოსთვლის, რამდენ წვრილმან ამბავს. ამ ამბებში ოსტატურად აქსოვს ხუმრობებს. აი, მაგალითად, გრიგოლ ორბელიანს სწერს: „კნიაზი ჭავჭავაძე თავისის კნეინათი მარტყობს იყვნენ ჯვარობას. ამათ დასტაში იყვნენ სავარსამიძის ცოლი, სივრიჩის ცოლი და ბეზაკის ცოლი, ეს კი მუხრავანიდგან გადმოვიდა, ამ ზაფხულს იქ იდგა, უქმროდ. არ გინდა, რომ ერთს საათს მაგ მთებში გამომძვრალიყავ და მუხრავანში, იმის ოთახში, შუაღამისას დაბადებულიყავ? იქიდგან
კალასკაში კნიაზი და სივრიჩის ცოლი ერთად ისხდნენ წინ, და კნეინა და სავარსამიძის ცოლი ერთად უკან. Довольно подробно!“ (ბარათაშვილი
1968 : 183). ეს პროზაული
ამბები ბარათაშვილს ალაღებს, ეს მისი საზოგადოების ცხოვრებაა, თუმცა ხანდახან შემოსწყრება ხოლმე ამ საზოგადოებას და თბილისს „გონებისა და გულისათვის უსარგებლო“ ქალაქს უწოდებს.
თუმცა
ბარათაშვილისდროინდელი თბილისი არც თუ ისე „უასარგებლო“ ქალაქი ყოფილა. ბარათაშვილსა და მის მეგობრებს პქონდათ ლიტერატურული ინტერესები და წარმოაჩენდნენ კიდეც ლიტერატურულ სალონებში. ალექსანდრე ჭავჭავაძის სალონი მიმზიდველი ცენტრი იყო ლიტერატურული და საზოგადოებრივი ცხოვრებისა. აქ ქართველებთან ერთად იკრიბებოდა რუსეთიდან ჩამოსული სამხედრო არისტოკრატია. როგორც ცნობილია, აქ წაიკითხა ბარათაშვილმა თავისი პოემა „ბედი ქართლისა“. ბარათაშვილი
ხშირად დაიარებოდა მანანა ორბელიანის სალონშიც. მეგობრობდა როგორც მანანასთან, ასევე _ მის ქალიშვილთან. მანანას ოჯახში თავს იყრიდნენ მაშინდელი ქართველი პოეტები. მანანა
კი
მათ
„გულღიად
იღებდა, ახალისებდა“, იწერდა მათ ნაწარმოებებზე გამოთქმულ შენიშვნებს და შემდგომ ავტორებს უგზავნიდა. სწორედ მანანას სალონში წაიკითხა ბარათაშვილმა თავისი თარგმანი ლეიზევიცის ტრაგედიისა „იულიუს ტარენტელი“.
ბარათაშვილი
განსაკუთრებით მეგობრობდა სამ ქალბატონთან _ მაიკო ორბელიანთან, ბაბალე საგინაშვილთან და მანანა ორბელიანთან; დაიარებოდა მათთან, ჰქონდა მიმოწერა; მაგრამ განსაკუთრებით ახლობელი, მისი სულიერი მეგობარი მაიკო ორბელიანი იყო, ქაიხოსრო ორბელიანის უმშვენიერესი ასული, რომელსაც მიხეილ ლერმონტოვმა თავისი ცნობილი ლექსი _ „Спеша на
север из далека“ _ მიუძღვნა. შეუძლებელია ბარათაშვილის ბიოგრაფიაში დავიწყებულ იქნეს მაიკოს სახელი. სწორედ მას გადაუწერა ბარათაშვილმა თავისი ლექსების ერთ-ერთი კრებული და მიართვა წარწერით: „დაო
მაიკო! ეს ლექსები იქონიე ჩემეულად. ვიცი, რომ წარმკითხველი მათი მოიგონებ ბევრთა საამოთა დღეთა ყრმაწვილობისათა და შემიბრალებ შენსა ყარიბსა ძმასა. თ-ი ნ. ბარათაშვილი“ (ინგოროყვა 1968 : 224).
მაიკო და ნიკოლოზ ბარათაშვილი ახლო ნათესავები იყვნენ და ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ. ისინი მთელი სიცოცხლის მანძილზე დარჩნენ უერთგულეს მეგობრებად და დაუფარავად ანდობდნენ ერთმანეთს თავიანთ ფიქრებს, გრძნობებსა თუ საიდუმლოებებს. მათ ისიც აახლოებდათ, რომ მათი ბედი საოცრად ჰგავდა ერთმანეთს. მაიკოს სიყრმიდანვე თავდავიწყებით უყვარდა ბარათაშვილის გიმნაზიის მეგობარი ლევან მელიქიშვილი. ისინი დანიშნულებიც იყვნენ, თუმცა ლევანი ცოლის შერთვას არ ჩქარობდა, ღარიბ თავადიშვილს სურდა კარიერის გაკეთება. მათ უგვირგვინოდ შეეძინათ ვაჟი. ჯვრისწერის მოლოდინით გატანჯული 24 წლის მაიკო ჭლექით დაავადდა. ლევან მელიქიშვილი კი ამ დროისათვის სამსახურში დაწინაურდა, გამდიდრდა და მაიკოსაც ჯვრისწერა შესთავაზა. ამ ნანატრ შეთავაზებას მაიკომ უარით უპასუხა. ის 32 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბარათაშვილის წერილები მაიკო ორბელიანისადმი თვით მაიკოს მაღალ ინტელექტსა და სულიერ ღირსებებზე მიგვითითებს. ეს წერილები ბარათაშვილის ეპისტოლარული მემკვიდრეობის საუკეთესო ნაწილია.
დიდი
სიყვარული აკავშირებდა ბარათაშვილს თავის ჭაბუკ მეგობრებთანაც, თუმცა მათ ნაკლებად უმხელდა სულიერ ტკივილებს. ესენი იყვნენ: ილია ორბელიანი, ლევან მელიქიშვილი,მიხეილ თუმანიშვილი, ყაფლან ორბელიანი, ალექსანდრე საგინაშვილი, კონსტანტინე მამაცაშვილი და სხვები. დროსტარებასა და გართობასთან ერთად მათ აახლოებდათ საზოგადოებრივი და ლიტერატურული ინტერესები. ამ ადამიანებს გული შესტკიოდათ ბარათაშვილზე და უყვარდათ მისი პოეზია.
No comments:
Post a Comment