Wednesday, February 17, 2016

ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია (ნაწილი I)

     თამარ შარაბიძე 
                                         

                 
                         
                                      
    უწარჩინებულესი თავადის, ერეკლე II-ის სიძის (შვილივილის მხრიდან)_ ზურაბ ორბელიანისა და ხორეშან ბატონიშვილის ოჯახში 1817 წელს ორი ვაჟი დაიბადა: ილია ორბელიანი, ვაჟი ამ ოჯახისა და შვილიშვილი  _ ნიკოლოზ ბარათაშვილი (ეფემია ორბელიანისა და მელიტონ ბარათაშვილის ვაჟი). ბიძა და დიშვილი ერთად იზრდებოდნენ, ერთად სწავლობდნენ, ერთ წრეში ტრიალებდნენ, მეგობრობდნენ; ერთმანეთს ეხუმრებოდნენ და ჩხუბობდნენ კიდეც. ერთნაირი მიღწევები ჰქონდათ სწავლაში, მაგრამ ხასიათითა და ინტერესებით ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ. დრომაც მათი სახელები ერთიმეორეს ვერ დააშორა; ერთისა _ გასცდა საქართველოს ფარგლებს, მეორისა კი პირველს დაუკავშირდა. ნიკოლოზ ბარათაშვილის პიროვნება ადრე თუ მხოლოდ მისი წრისათვის იყო ცნობილი, მოგვიანებით ყველა ქართველისათვის (განარჩევლად წრისა, პროფესიისა თუ ასაკისა) და არა მხოლოდ ქართველისათვის, სანუკვარი სახელი გახდა, როგორც დიდი ქართველი კლასიკოსისა, პატრიოტისა, გენიოსისა, ქართული ლექსის რეფორმატორისა, საზოგადო მოღვაწისა და ამასთანავე ერთი უბედო ადამიანისა.

                                                          ოჯახი
            ნიკოლოზ ბარათაშვილის ოჯახი საქართველოს მაღალ არისტოკრატიულ  წრეს ეკუთვნოდა. გიორგი ლეონიძე, პოეტი-აკადემიკოსი, მისი გენიოლოგიისა  და წინაპრების კვლევას ასრულებს ამ სიტყვებით : ამრიგად, ნიკოლოზ ბარათაშვილი მამის მხრითაც და დედის ხაზითაც ერეკლე მეფის ჩამომავალია (ლეონიძე 1945 : 6).
           პოეტის დიდედა ხორეშანი (შვილი ელენე ბატონიშვილისა) დაბადებიდანვე დაობლებულა. ელენე ბაგრატიონი (ხორეშანის დედა) მშობიარობას გადაჰყოლიაშვილიშვილი კი ერეკლეს სასახლეში მიუყვანია და სამეფო კარზე აღუზრდია. (სქ: ელენე ბატონიშვილი პირველ ცოლად ჰყავდა იმერეთის მეფის , დიდი სოლომონ I-ის ძმას, არჩილ ბატონიშვილს, რომელიც ადრე გარდაცვლილა. მისგან ელენეს ეყოლა ერთი ვაჟი _ დავითი, რომელიც შემდგომ იმერეთის ტახტზე აკურთხეს მეფედ და ცნობილია სოლომონ მეორის სახელით. ეს ის სოლომონია, რომელიც გაბედულად იბრძოდა რუსეთის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ იმერეთისკანცლერადწოდებულ სოლომონ ლიონიძესთან ერთად. მან, როგორც ემიგრანტმა, ტრაპიზონში დაასრულა თავისი სიცოცხლე. ელენე ბაგრატიონის მეორე ქმარი იყო ზაქარია ანდრონიკაშვილი.) სწორედ ამ ბებია-ბაბუის (დედის მხრიდან), ხორეშან ანდრონიკაშვილისა და ზურაბ ორბელიანის, სახლში დაიბადა ბარათაშვილი და აქ იზრდებოდა  16 წლამდე. ამიტომ საჭიროდ ვთვლით ერთი-ორი სიტყვით ამ ოჯახურ გარემოს შევეხოთხორეშანსა და ზურაბს ოთხი შვილი  ჰყავდათ: გრიგოლი, ზაქარია, ილია და ეფემია. ზურაბი, იმდროინდელი თავადებისაგან განსხვავებით, რუსთა მოყვარული არასდროს ყოფილა. მთავარმართებელ ერმოლოვს წამდაუწუმ ლანძღავდაო. მის ამგვარ გამოხდომებს რუსი დიდმოხელის ყურამდეც მიუღწევია, მაგრამ ზურაბს თავისი მაინც არ დაუშლია (ევგენიძე 1995 : 8). ის თურმე არც რუსულ ენას ფლობდა და არც სურვილი ჰქონდა, რომ ესწავლა; კარგად სცოდნიასაღვთო წერილი“, საქართველოს ისტორია და მხატვრული ლიტერატურა. ზაქარია ჭიჭინაძის, გრიგოლ ორბელიანის ერთ-ერთი პირველი ბიოგრაფის ცნობით, ზურაბი ლექსებსაც სწერდა, ამისგან დაწერილი ლექსები მეც მინახავსო (. მთაწმინდელი 1986 : 40).
             ბარათაშვილის ბებია _ხორეშანი _ ზრუნავდა როგორც შვილების, ასევე შვილიშვილების ინტელექტუალურ და ზნეობრივ აღზრდაზე. ერეკლეს სახე, მისი პიროვნება და ზოგადად, ისტორიული საქართველოს ტრადიციები, სწორედ მისი წყალობით ცოცხლობდა ამ ოჯახში.
      ბარათაშვილის დედაეფემია _ ბუნებით წყნარი და კეთილშობილი ქალი ყოფილა, კარგად აღზრდილი, ოჯახზე გადაყოლილი. თვითონ ზრდიდა შვილებს და აწოვებდა ძუძუს, რაც იმდროინდელ მაღალ არისტოკრატიულ წრეში არც თუ ისე მიღებული იყო. გარეგნობით ლამაზი, მაღალი, ქერა ქალი ყოფილა, ქართულად ეცვა გულისპირ ამოჭრილი კაბა; იყო რბილი ხასიათის, კეთილშობილი და სათნო. როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, ნიკოლოზის პიროვნებაში უწინარეს ყოვლისა დედის კეთილშობილი ხასიათი განსახიერდა (გაწერელია 1978 : 112). ეფემიას სახემ შთააგონა გადასახლებაში მყოფ გრიგოლ ორბელიანს ლექსი _ „ჩემს დას ეფემიას“, რომელშიც პოეტი დის სახეს, მის პიროვნებას, ცხოვრების იმედად სახავს:
               ჩემდა ნუგეშად, ჩემდა შვებად სასიხარულოდ,
              ლხენად გლახ გულის, უდროოდა მწარ დამჭკნარისა,
               დაო სასურველ! ამა სოფელს შენ დამშთი მხოლოდ
               და განმასვენე კვეთებათგან ბოროტ ხვედრისა!
                           ცხოვრების ბნელ გზას შენ მინათი შვების ვარსკვლავი,
                           შენის ღიმილით შეჭმუხვნილი სახე მინათლე,
                           შენი ალერსი მშვიდი, წყნარი, მიხარის შორით,
                           და გულ-დაჩაგრულს მენატრების კვალად სიცოცხლე!“
                                                                      (ორბელიანი 1951 : 45)
        მამის მხრიდანაც პოეტი ძველ არისტოკრატიულ საგვარეულოს ეკუთვნოდა. ბარათაშვილები წარმოშობით ქვემო ქართლიდან იყვნენ. მათ სამოსახლოს, რომელიც საკმაოდ დიდ მხარეს წარმოადგენდა თბილისის სამხრეთით, „საბარათიანოს“  ეძახდნენ. „საბარათიანო“  ქართლის მეფეთამოწინავე სადროშოშიშედიოდა XVI-XVIII საუკუნეებში და ბრძოლებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა.
       პოეტის პაპა _ ნიკოლოზ (ნინია) ბარათაშვილი _ სამეფო სასახლის სიძე ყოფილა, აქედან გამომდინარე, ერეკლესა და გიორგი XII-ის კართან დაახლოებული; ამასთანავე _ შეუდრეკელი ბუნების, სულითა და ქმედებით პატრიოტი.  1803 წლის აპრილში ის თან გაჰყვა გადასახლებაში მეფის ოჯახს _ გიორგი XII-ის მეუღლეს, მარიამ დედოფალს და ბატონიშვილებს _ თამარს, ანას, ჯიბრაელს, ილიას, ოქროპირსა და ირაკლის. დედოფლის ამალა 11 კაცისაგან შედგებოდა, რომელთა შორის იყო პოეტის პაპაც _ ნიკოლოზ ბარათაშვილი. ამ დროს მელიტონი 9 წლის ყოფილა. ძნელი სათქმელია, მამამ ის თავიდანვე წაიყვანა რუსეთში, თუ შემდგომ. ყოველ შემთხვევაში მელიტონი ერთი პერიოდი რუსეთში ცხოვრობდა და სავარაუდოდ იქ სწავლობდა კიდეცამით აიხსნება მელიტონის მიერ რუსული ენის საუცხოო ცოდნა, რამაც შემდგომში მისი კარიერა განსაზღვრათბილისში მელიტონმა სწავლა გააგრძელაკეთილშობილთა სასწავლებელშიდა სრულიად ახალგაზრდამ  1810 წელს დაიწყო სამსახური  საქართველოს მთავარმართებლის სამართველოში  თარჯიმნად. ის არ იყო უბრალო მთარგმნელი. თარჯიმნობდა პირადად მთავარმართებლებს. . ჩხეტიას მიერ გამოქვეყნებულ, ნიკოლოზ ბარათაშვილის  დოკუმენტებში შესულია მელიტონისფორმულიარი“ (ოფიციალური დოკუმენტი მისი სახელმწიფო სამსახურებში მუშაობისა), რომელშიც აღნიშნულია: „Состоял при бывших главноуправляющих в Грузии за переводчика _ при ген. Тормасове, при ген. Маркизе Паулуччи, при ген. Ртищеве, при ген. Ермолове” (ჩხეტია 1945 : 264). უფრო მოგვიანებით კი, 1837 წელს, მელიტონი  პირადად თარჯიმნობდა თბილისში ჩამოსულ ნილოზ I-. ამ დროს ის იყო თბილისის მაზრის თავადაზნაურობის მარშალი და აღმოსავლეთ საქართველოს მარშლის პირველი მოადგილე. 11 ოქტომბერს, ჩამოსვლიდან მე-4 დღეს, იმპერატორს თბილისის თავადაზნაურობამ გაუმართა დიდი წვეულება, რომლის ორგანიზატორიც იყო მელიტონი (ცნობილია, რომ ამ ბალს ნიკოლოზ ბარათაშვილიც ესწრებოდა. მას ებოძა სამახსოვრო ვერცხლის მედალი _ „для ношения в петлице на Владимирской ленте в ознаменование высочайшего пребывания государя имрератора за Кавказом“ / ჩხეტია 1945 : 264/).
       სხვადასხვა დროს მელიტონი თარჯიმნობდა გენერალ ტორმასოვს (1811 ), მთავარმართებელ მარკიზ პაულიჩს (1812-1813 წწ.), მთავარმართებელ რტიშჩევს (1813 .), მთავარმართებელ ერმოლობს (1824-1827), იღებდა მონაწილეობას მათ მიერ წარმოებულ ბრძოლებში: ახალციხის ექსპედიციაში, კახეთის აჯანყების ჩახშობაში; თან ახლდა რტიშჩევს სპარსეთთან ზავის დასადებად; მისი სამხედრო კარიერა პროპორშჩიკობიდან დაიწყო და მაიორობით დასრულდა; 1824 წელს მთავარმართებელმა ერმოლოვმა ის . განჯის პოლიცმეისტერად დანიშნა, ხოლო 1826 წელს განჯის ყოფილი სახანოს მმართველად გადაიყვანა.
       მელიტონი რუსეთის მმართველობისთვის არ წარმოადგენდა საშიშ პიროვნებას, ანუ ეროვნული ინტერესების მქონეს. ის აღიქმეოდა ერთგულ მოხელედ. . ჩხეტიას  მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში დაბეჭდილია მარკიზ პაულიჩის მოხსენება  მინისტრ გრაფ რუმიანცევისადმი 1812 წლის აჯანყების შესახებ, რომლის დროსაც გრიგოლ ბაგრატიონი კახელებმა მეფედ გამოაცხადეს. მოხსენებაში პაულიჩი მსჯელობს მელიტონის შესახებაც:
„Имею честь донести Вашему Сиятельству, успев погасить пламя мятежа, возникшего в Грузии с чрезвычайным ожесточением, я, взятыми мерами, достиг также того, что приобрел в свои руки царевича Григория, коего кахетинские мятежники признали было царем Грузии…
Необходимо нужно для спокойствия здешнего края удалить отсель все то, что только носит на себе имя происхождения от бывшего Грузинского царственного дома…
Григорий при открывшейся революции начал играть между ними важную роль…, был с радостью принят мятежниками, провозглашен царем Грузии, и предводительствовал толпами бунтовщиков. А теперь, достав в свои руки я счел необходимо нужным, не теряя времени, удалить немедленно в С.-Петербург.
Для препровождения его я отправил адъютанта …  подпоручика кн. Бебутова, и вместо пристава и переводчика прап. кн. Баратова, приказав по приезде в С.-Петербург явиться вместе с царевичем к Вашему Сиятельсву“ (ჩხეტია  1945 : 264).
     მთავარმართებელი მელიტონს ახასიათებს, როგორც სახელმწიფოსთვის ერთგულ ადამიანსა და კარგ თარჯიმანს; ურჩევს მინისტრს, რომ პეტერბურგში დროებით დაიტოვონ, როგორც გამოსადეგი კადრი.
    1827 წლიდან მელიტონის ბედი უკან-უკან წავიდა. ამის მიზეზი მთავარმართებლის შეცვლა იყო. ერმოლოვის ადგილას გრაფი პასკევიჩი დაინიშნა, რომელმაც თანამდებობებიდან გაათავისუფლა ერმოლოვის დანიშნული პირები, მათ შორის _ მელიტონიც. 1827 წლიდან 1829 წლამდე ის სამსახურის გარეშეა. 1829 წელს მელიტონი დაინიშნა აღმოსავლეთ საქართველოს თავადაზნაურობის წინამძღოლთან საგანგებო საქმეთა მოხელედ. თურქეთთან ომის დროს ის ქართული მილიციის ორგანიზებაში მონაწილეობდა, რომელიც ჭარელი ლეკების მოსაგერიებლად შეიქმნა. 1832 წელს მელიტონს მაიორის ჩინი უბოძეს და დაუნიშნეს პენსია  _ 900 მანეთი. ამის შემდეგ მან სახელმწიფო სამსახურს თავი დაანება და  თავადაზნაურობის სამაზრო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. 1832 წელს ის აირჩიეს თბილისის მაზრის თავადაზნაურობის მარშლად,  ხოლო 1833-1835  წლებში _ აღმოსავლეთ საქართველოს (თბილისის გუბერნიის) მარშლის პირველ მოადგილედ. ამ თანამდებობებზე იგი ორჯერ იყო არჩეული სამ-სამი წლით, 1839 წლამდე.
        ეკონომიური მდგომარეობით მელიტონი საშუალო შეძლების თავადი ყოფილა, მაგრამ ხელგაშლილი და სტუმართმოყვარე. მისი მასპინძლობა მთელ თბილისში ყოფილა განთქმული. მუდმივმა სტუმრიანობამ იგი ვალებში ჩააგდო, დარდმა ჯანმრთელობაც შეურყია.  ნიკოლოზ ბარათაშვილის სიცოცხლის ბოლო წლებში მელიტონი ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი იყო, 50 წლის, მაგრამ ოჯახს ვერაფრით ეხმარებოდა, რასაც ძალიან განიცდიდა. მან კიდევ ერთხელ სცადა ბედი და 1844 წელს თხოვნით მიმართა კავკასიის მთავარმართებელ ნეიდგარდტს, მისი დამსახურების გათვალისწინებით დაენიშნათ რაიმე თანამდებობაზე. მთავარმართებელმა არ მოინდომა მელიტონის დახმარება და დარდით შეპყრობულ თავადს დამბლა დაეცა. მას შემდეგ ის ლოგინიდან აღარც ამდგარა. ბარათაშვილების ოჯახის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა აღწერილია გრიგოლ ორბელიანის წერილში თავისი ძმის _ ზაქარიასადმი.  დაღესტანში მყოფ გრიგოლს  ძმისგან _ ილია ორბელიანისაგან_ შეუტყვია მელიტონის ამბავი; ის უზომო მწუხარებით სწერს თავის მეორე ძმას, ზაქარიას: ილიასაგან მომივიდა წიგნი, რომელშიაც მაცნობებს მელიტონის დამბლობას. შენი მტერი შეწუხდეს ისე, როგორც მე ამ ამბითა. რა უნდა ჰქმნას სიყმითვე ეფემიამ (გრ. ორბელიანის და, მელიტონის მეუღლე), რით შეინახოს ესოდენი წვრილი შვილები, სრულიად ღატაკად დაშთომილნი... ამდენს ჩვენს თავის ვაი-ვაგლახს ესღა აკლდა... რა ვუყოთ, რითა ან როგორ შევეწივნეთ უსახლკაროსა, უპუროსა, უტანისამოსოსა ჩვენსა დასა. ეს ფიქრი მაგიჟებს სრულიად, ნეტავი მოვკვდე და მოვრჩე (გრ. ორბელიანი).
    გაუგებარია სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მელიტონის ასეთი უგულებელყოფა; ის მთელი ცხოვრება ერთგულად ემსახურებოდა რუსეთის იმპერიას; მონაწილეობაც კი არ მიუღია 1832 წლის შეთქმულებაში, რომელშიაც მთელი მისი ნათესავები და ახლო მეგობრები იყვნენ ჩაბმულნი. შეთქმულთა საქმეების შესწავლიდან ირკვევა, რომ მელიტონზე ეჭვიც კი არ აუღიათ და, მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ორბელიანის დაჭერის დროს ჟანდარმერიამ მის ქაღალდებში იპოვა ცოლისძმისადმი გაგზავნილი მელიტონის პირადი წერილიც, საგამომძიებლო კომისიას ის არც კი დაუკითხავს. პავლე ინგოროყვას დასკვნა ამ საკითხთან დაკავშირებით ზუსტად ასახავს რეალობას: გიმნაზიელი, 15 წლის ნიკო ბარათაშვილი, რომლის თანამშრომლობითაც 1833 წელს გამოვიდა ხელნაწერი ალმანახი,  სადაც შეთქმულთა ლექსებიც არის შეტანილი, ჩანს, უფრო კარგად ერკვეოდა პოლიტიკურ საკითხებში, ვიდრე მისი მამა, მაიორი მელიტონ ბარათაშვილი (ინგოროყვა 1968 : 21). დავძენთ იმასაც, რომ იმპერიისთვის საბოლოოდ უცხოა ერთგულების დაფასება, იმპერია არასდროს ზრუნავს თავის ქვეშევრდომებზე, მხოლოდ საკუთარი მიზნები ამოძრავებს; მას აღარ სჭირდებოდა მელიტონ ბარათაშვილი, რუსულის კარგი მცოდნე, რადგან ქვეყანაში ენობრივი ბარიერი დაიძლია და ქართველი ჩინოვნიკებიც საკმაოდ მომრავლდნენ. აქ შეიძლება დავიმოწმოთ გიორგი ლეონიძის მიერ გამოთქმული კიდევ ერთი ვერსიაც: მელიტონს ეჭვის თვალით უყურებდნენ, როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილის მამას. მკვლევარის სიტყვებით,  ჯერ გამოურკვეველია, იყო თუ არა ბარათაშვილი 1832 წლის შეთქმულობის უშუალო მონაწილე. არსებობს ზოგი ცნობა, თითქოს სოლომონ დოდაშვილს ყრმა პოეტი მიღებულიც კი ჰყავდა ფარულ საზოგადოებაში, რომ ბარათაშვილი გაჩხრიკეს დოდაშვილის საქმესთან დაკავშირებით და ორი კვირით კიდეც დააპატიმრეს (ლეონიძე 1945 : 12). გიორგი ლეონიძე ბარათაშვილის შემოქმედებაში პოულობს შეთქმულთა იდეებსა და ოცნენებს და გამოაქვს დასკვნა, რომ არსებითი მნიშვნელობა არცა აქვს მონაწილეობის უშუალო ფაქტს. თუ ამ ვერსიას ვირწმუნებთ, პარადოქსად რჩება ის ფაქტი, რომ მელიტონი სწორედ შეთქმულების დროს, 1832 წლის დეკემბრის დღეებში, როდესაც შეთქმულთა დაპატიმრება დაიწყო, თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლად აირჩიეს  და შემდეგაც ზედიზედ იყო არჩეული ამ თანამდებობაზე. ისე რომ, ბარათაშვილის არასანდოობა მის ბედზე უფრო აისახა, ვიდრე მამის კარიერაზე.
    ტატოს გარდაცვალების შემდეგ ბარათაშვილების ოჯახი კიდევ უფრო დუხჭირ მდგომარეობაში ჩავარდა. საქართველოს ცენტრალურ საარქივო სამმართველოს მთავარ საისტორიო არქივში (ფონდი # 30) ინახება საქმე # 14412 სახელწოდებით _ „О выдаче пособия семейству умершего помощика Елисаветпольского уездного начальника кн. Баратова. Здесь-же и о сложении с губернского секретаря кн. Баратова 245 р. серебром, числящихся на нем в долгу“. კავკასიის ნამესტნიკს თავ. .. ვორონცოვს თხოვნით მიმართავენ კავკასიაში სამოქალაქო სამართველოს უფროსი გენერალ-ლეიტენანტი ლადინსკი და ნამესტნიკის კანცელარიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი . ყიფიანი, რომ ბარათაშვილების ოჯახს აღმოუჩინონ პირველადი დახმარება _ 50 ჩერვონეცი და პენსიად გარდაცვლილის წლიური შემოსავალი _ 750 მანეთი ვერცხლით. ეს დოკუმენტი მით უფრო საინტერესოა, რომ დიმიტრი ყიფიანის მიერ არის დაწერილი. მასში დახასიათებულია ბარათაშვილი, როგორცსაქართველოს ერთ-ერთი უპირველესი გვარიშვილი და მეფის ერთგული მოხელე“,  აღნიშნულია, რომ იგი დაიღუპა სრულიად ახალგაზრდა და რომ მის დედასა და დებს სიღატაკის გამო შავების ჩაცმის საშუალებაც კი არა აქვთ ქართული ტრადიციისამებრ.  1846 წლის 12 მარტს  ვორონცოვის განკარგულებით მელიტონს 150 მანეთი გამოუყვესღარიბ მოხელეთა და მათ ოჯახთა დასახმარებლად ასიგნებული თანხებიდან“. საქმეში მელიტონის ოჯახის დახმარებაზე რამდენიმე თხოვნა დევს, ზოგი თავად მელიტონის მიერ დაწერილი, ზოგიც შუამდგომლობა გენერალ-ლეიტენანტ ბებუთოვისა ნამესტნიკის წინაშე. ერთ-ერთ თხოვნაზე კანცელარიის რომელიღაც მოხელე აღნიშნავს, რომ . ბარათაშვილს წლიური პენსიაც კი არ ერგება, რომ არა გენერალ პასკევიჩის გულკეთილობაო. არქივში დაცული ეს დოკუმენტები დეტალურად და თვალნათლივ ასახავს ოჯახის მდგომარეობას, რომლისთვისაც 50 თუ 100 ჩერვონეცი (ჩერვონეცი უდრიდა სამ მანეთს) სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო (საქმის დაწვრილებით გასაცნობად იხ. ჟურნალიმნათობი“, 1937 ., # 4, გვ. 138 _ პაატა გუგუშვილი, „ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიისათვის ახალი მასალები“).
    მელიტონ ბარათაშვილს ახასიათებენ როგორც განათლებულსა და მჭერმეტყველ კაცს, ბუნებით კეთილშობილს, მაგრამ გადამეტებულად  ფიცხს; ვერ იტანდა მცირეოდენ წყენას და ერთხელ გუბერნატორის მდივავანიც კი გაულახავს, რომელსაც უარი უთქვამს საქმის ქაღალდის მოძებნაზე. იხსენებენ: თურმე, როცა მელიტონი ყვირილს გააბამდა სახლის აივანზე, შორეულ უბანშიც კი ესმოდათ. ბაზარში მოვაჭრე მელიტონის დანახვაზე ზოგიერთი ვაჭარი დუქანს კეტავდა, მელიტონს რაიმე არ ეწყინოს და არ განრისხდესო. ზოგადად კეთილი მელიტონი ოჯახის წევრების მიმართაც იჩენდა გულფიცხობას.
       ბარათაშვილის ოჯახური გარემოს სრულყოფისათვის აუცილებელია აღინიშნოს ამ ოჯახის განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა, მიუხედავად გაჭირვებისა და ბოლოს _ სიღატაკისა. კონსტანტინე მამაცაშვილის მოგონების თანახმად: მელიტონის სახლში ნახავდით ძველს ჩვენს სწავლულ ქართველებს; იმათ შორის თითქმის ყოველ-დღე მელიტონთან დაიარებოდა ეგნატე იოსელიანი, მამა ჩვენის მწერლის პლატონისა. ეგნატე იოსელიანმა ჩინებულად იცოდა ქართული ლიტერატურა, იყო ღრმად მოხუცებული, გაზრდილი მეფის სასახლეში და მნახველი საქართველოს ცხოვრებისა წარსულს საუკუნეში, მეფის ირაკლიდან მეფის გიორგის გარდაცვალებამდისინ. მელიტონის სახლში ხშირად დადიოდნენ პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე, ორნი ძმანი ნიკოლოზ და მიხეილ ფავლენიშვილები, სოლომონ მეითარი თარხნიშვილი, გიორგი და ალექსანდრე საგინაშვილები, და ბევრნი მაშინდელის დროის განათლებულნი ქართველნი (მამაცაშვილი 1893). მელიტონიც, მამაცაშვილისავე გადმოცემით, საკმაოდ განათლებული კაცი ყოფილა, ზედმიწევნით მცოდნე ქართული ლიტერატურისა. ბარათაშვილების ოჯახის კარი ყოველთვის ღია ყოფილა როგორც ქართველი თავადაზნაურობისათვის, ასევე რუსი ჩინოვნიკობისათვის და უცხოელი სტუმრებისთვის.
         მამაცაშვილის  მიერ ჩამოთვლილი პიროვნებები ბარათაშვილის წერილებშიც ხშირად წარმოჩნდებიან, განსაკუთრებით კი მამა ეგნატე იოსელიანი. ჩანს, ის ოჯახის არა მხოლოდ სტუმარი, არამედ მართლაც ძალიან ახლობელი ყოფილა. ერთ წერილში პოეტი გრიგოლ ორბელიანს  მამა ეგნატისაგან მოკითხვას უთვლის, „ქრისტემ გა-კურ-თხოსო“,  მეორეში კი მისი  გარდაცვალების შესახებ ატყობინებს და ასე ახასიათებს მას: „Вот человек, который, по своему положению в свете, более всех страдал. Минувшее проходило перед ним и волновалось, как море-океан“ (ბარათაშვილი 1968 : 183).
        ბარათაშვილის მთელი ოჯახი, და განსაკუთრებით _ მელიტონის პიროვნება, იმდროინდელი თავადაზნაურობის ტიპიურ სურათს ქმნის.
* * *
                                            ბავშვობა და ახალგაზრდობა
         ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიბადა თბილისში, თავისი პაპის, ზურაბ ორბელიანის სახლში, 1817 წლის 22 ნოემბერს (ახალი სტილით _ 4 დეკემბერს). ამ სახლში მან თითქმის მთელი ბავშვობა გაატარა. პატარა ტატო მეგობრობდა თავის ბიძებთან, დედის ძმებთან, თანატოლ ილია ორბელიანთან, რომელსაც მიუძღვნა ლექსიმერანიდა უფროს ბიძასთან _ გრიგოლთან. ტატო და ილია ერთად იზრდებოდნენ, გიმნაზიაშიც ერთად სწავლობდნენ, გრიგოლი კი ბარათაშვილის სულიერი მეგობარი იყო. ზაქარია მთაწმინდელი პოეტის ბიოგრაფიაში გადმოგვცემს: გრიგოლ ორბელიანს ერთობ ჰყვარებია პატარა ნიკოლოზი. საკეთილშობილო სკოლიდან თითქმის ყოველდღე  გრ. ორბელიანთან დადიოდა... დღესაც ცოცხალნი არიან ის პირნი, რომელთაც კარგად ახსოვთ ნიკოლოზ ბარათაშვილის მისვლა-მოსვლა გრიგოლ ორბელიანთან (მთაწმინდელი 1885 : 6). ეს მეგობრობა ნათლად აისახება ბარათაშვილის პირად წერილებში. ტატო თავისი გულის დარდს მხოლოდ ორ პიროვნებას უზიარებს _ მაია ორბელიანს (ბავშვობის მეგობარსა და ნათესავს) და გრიგოლს. ბიძა-დიშვილის მეგობრობა ორმხრივი ყოფილა, რასაც ადასტურებს გრიგოლ ორბელიანის წერილი თავისი უმცროსი ძმისადმი მიწერილი: „მიხაკოს (ილია ორბელიანის მეგობარი და ნათესავი) სიყვარულით მოვიკითხავ, ვინძლო რომ ერთმანეთი გიყვარდეთ გულწრფელად, ესრეთ, როგორც მე და ტატოს გვიყვარდა  ერთმანეთი (გრ. ორბელიანი).
       როდესაც დაღესტანში მყოფ გრიგოლს მიხაკო ორბელიანმა დაუმალა ტატოს გარდაცვალების ამბავი და გაუგებრად აცნობა მისი უმძიმესი ავადმყოფობის შესახებ, გრიგოლი ნერვიულობისგან ლოგინად ჩავარდნილა. 1845 წლის 12 ნოემბერს ის სწერს თავის ძმას, ილია ორბელიანს:
     ტატოს ამბავი, ჩემი გულით საყვარელი ტატოს ამბავი მომწერე, ცოცხალია თუ მკვდარი? _ უცნობლობა მკლავს. შენ მიხაკოსთვის მოგეწერა ტატოს უიმედო ავადმყოფობა, მანც წიგნი არ მაჩვენა. ისე ზეპირად მითხრა, მაგრამ ასე მითხრა, რომ თითქმის მკვდარი უნდა იყოს. _ ახ, ეს დამალვა რა არის?.. აქაურმა ცხოვრებამ, ძაღლის ცხოვრებამ, და ამ უცნობლობამ ტატოსათვის მე ავად გამხადეს. ეს ექვსი დღეა ვწევარ გარიაჩკითა მახაკოსთან. _ თუ ხატი გრწამს, მომწერე ტატოს ამბავი სიწრფოებით, და მას უკან _ რადგან შენთვის დიდი შრომაა _ ნუღარ მოიწერები, იყავ შენთვის მშვიდობიანად (გრ. ორბელიანი).
       ნაცნობ-მეგობრები და თვით ოჯახის წევრებიც გრიგოლს ვერ უმხელდნენ ტატოს გარდაცვალების ამბავს.
* * *
     ნიკოლოზს ოჯახში ტატოს ეძახდნენ. მას ზრდიდა დედა და გადია, გორელი ქალი მაია ზავრაშვილი. კონსტანტინე მამაცაშვილის მოგონებით, ტატო ყოფილა მკვირცხლი, მხიარული, ცნობისმოყვარე და ემოციური _ „მიმღები ყოველივე კეთილის შთაბეჭდილებისაო“.
     მელიტონის ოჯახი ჯერ ცხოვრობდა მუხრანიანთ ხიდის ახლოს, სიონისა და ანჩისხატის შუაში, ერთსართულიან ბანიან სახლში, 1841 წლიდან კი მთლად ანჩისხატის გვერდით გადასულან. ტატო მოუნათლავს დიმიტრი ალექსი- მესხიშვილს, ანჩისხატის დეკანოზს.
     პოეტის დის, ბარბარე ვეზირიშვილის გადმოცემით, პატარა ტატოსთვის წერა-კითხვა დედას უსწავლებია, ხოლო შვიდი წლისა ის მიუბარებიათ კალოუბნის სამრევლო სასწავლებელში, სადაც ალექსი-მესხიშვილები ასწავლიდნენ საღვთო წერილს და ქართულ სიტყვიერებას. კონსტანტინე მამაცაშვილის ცნობით, 8 წლის ბარათაშვილი უკვე კითხულობდა და წერდა ქართულად. პირველი წიგნები მისთვის უნდა ყოფილიყოსაღვთო წერილი“, „სახარებადადავითნი“. მისი და იხსენებს, რომ ტატოსაუცხოვოდ ჰკითხულობდა საღვთო წერილს“.
     1827 წელს ნიკო შეიყვანეს თბილისისკეთილშობილთა სასწავლებელში“, რომელიც შემდგომ, 1830 წელს, გიმნაზიად გადაკეთდა. გიმნაზიასთან კი დაარსდა პანსიონი 40 კაცისათვის. ნიკო მიიღეს პანსიონშინახევარ-პანსიონერად“, ანუ მას უფლება ჰქონდა ოჯახშიც ევლო. ბარათაშვილმა ამ სკოლაში 8 წელი დაჰყო, სანამ 1835 წელს გიმნაზიიდან არ გამორიცხეს.
     სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნავენ, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებაში თბილისის გიმნაზიამ და პანსიონმა ისეთივე როლი შეასრულეს, როგორც 20-იანი წლების ცარსკოე სელოს ლიცეუმმა მთელი რიგი დიდი პოეტების ბიოგრაფიაში (გაწერელია 1978 : 114)
         გიმნაზიაში ასწავლიდნენ შემდეგ საგნებს: ქართულ ენასა და ლიტერატურას (მასწ. სოლომონ დოდაშვილი), რუსულ ენას (მასწ. დემენტიევი), ქართულ კათეხიზმოს (მასწ. ეფრემ ალექსი-მესხიშვილი), ისტორიას და გეოგრაფიას, რიტორიკას, ლოგიკას, მათემატიკას, ფიზიკას, ხატვას, ხაზვას, ფრანგულ, გერმანულ და თათრულ ენებსგიმნაზია არ გამოირჩეოდა არც მორალური აღზრდის პრინციპებით, არც სწავლების მაღალი დონით, როგორც ყველა მაშინდელი სასწავლებელი. დიმიტრი ყიფიანი, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლე იყო, ბარათაშვილზე რამდენიმე წლით უფროსი, ასე ახასიათებს გიმნაზიას: მეოცე წლების დასაწყისში, ბავშვის სასწავლებელში მისაბარებლად თბილისში, მის მშობლებს იმ დროს იქ არსებულ მხოლოდ ორ სასწავლებელ შუა შეეძლოთ არჩევანი. აქ, რასაკვირველია, იმაზე არ არის ლაპარაკი, თუ სად როგორ ასწავლიდნენ. ამაზე ძალიან ცოტას თქმა დაგვჭირდებოდა: როგორც სასულიერო სემინარიაში, აგრეთვე კეთილშობილთა სასწავლებელშიაც ერთს ადგენენ: ანიდან ჰოემდე უაზროთ გაზეპირებას და რაიმე დანაშაულისათვის კი ხელის გულზე სახაზავით ცემას. ეს იყო და ეს მაშინდელი პედაგოგიური სიბრძნე... მთელი მაშინდელი პედაგოგიური სიბრძნე ორი უმთავრესი და ამასთან ერთად-ერთი წესით გამოიხატებოდა. გაკვეთილების სწავლა ზეპირად, .. შეუგნებლად _ მექანიკურად და ყოველი დანაშაულისათვის ხელის გულზე სახაზავით ცემა. ამ ტრადიციულ წესს ჩვენს მასწავლებელთ შორის მხოლოდ სამი არ ემორჩილებოდა. ელპიდიფორ პეტრეს ძე მანასეინი, რომელიც სასწავლებლის დირექტორად და უმცროს კლასებში რუსული ენისა და უფროს კლასებში რუსული სიტყვიერების მასწავლებლად დაგვინიშნეს. ყველა ამ მოვალეობის პირნათლად შესრულება ერთი კაცისათვის ფიზიკურად შეუძლებელი იყო და ამიტომ მანასეინმა მხოლოდ ერთი სასწავლო წელიწადი დაჰყო ჩვენთან... მოწაფეებმა მხოლოდ მისგან დაიწყეს გადმონაცემის შეგნებით შეთვისება, მხოლოდ მის დროს გადაიქცა დიდ სასჯელად მოწაფის ნახევარ საათით კუთხეში დაყენება, ან ნახევარ საათით კლასში დატოვება, როდესაც დანარჩენნი უკვე წასულნი იყვნენ. გულამოსკვნით სტიროდნენ ხოლმე, ვისაც კი ეს სასჯელი შეხვდებოდა. ყურებისა ან თმების მოწევა, სახაზავით ცემა, დაჩოქება, ან სხეულის სხვანაირი სასჯელი მანასეინის ყოფნის დროს გულში გასავლებადაც კი შეუძლებელი იყო. სამაგიეროთ ბავშვებიც არას დროს არ ყოფილან ისეთი კეთილშობილნი და არასოდეს ისე კარგად არ შეუგნიათ გადმონაცემი, როგორც მის დროს. მეორე, აგრეთვე კეთილ-გონიერი და ყოვლად მოსაწონი მოწაფეთათვის, მანასეინის შემდეგ დანიშნული, რუსული ენისა და რუსული სიტყვიერების მასწავლებელი იყო, კანდიდატი ხარკოვის უნივერსიტეტისა, ნიკოლოზ ტიმოთეს ძე დემენტიევი... თავადი ივ. ზაქ. არღუთინსკი-დოლგორუკოვი ისტორიას ასწავლიდა; დიდად საყვარელი და პატივცემული იყო ყველასაგან...გამოცდებს თავიანთ საგნებში თვით მასწავლებელნი ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ გარდა მანასეინისა, დემენტიევისა და არღუთინსკი-დოლგორუკოვისა, სხვა დანარჩენ მასწავლებლებთან მოწაფენი შეგნებით მხოლოდ სიცრუეს სწავლობდნენ (ყიფიანი 1990 : 14-20).
       ასეთი იყო ბარათაშვილის სასწავლო გარემო, რომელშიც აღიზარდა და ჩამოყალიბდა მოაზროვნე ადამიანად. რა თქმა უნდა, ეს გარემო, ზოგიერთი გამონაკლისი შემთხვევის გარდავერ შეუწყობდა ხელს მოსწავლეების ინტელექტუალურ აღზრდას, თავად მოსწავლეებს რომ არ ეზრუნათ თავიანთი გონებრივი და სულიერი განვითარებისათვის. ნიკოლოზ ბარათაშვილის გიმნაზიის მეგობრები ნიჭიერი ახალგაზრდები იყვნენ; ისინი, რა თქმა უნდა, თავისებურად ახდენდნენ გავლენას ბარათაშვილზე, ჰქონდათ საერთო ინტერესები და ცდილობდნენ, რაც შეიძლება სრულყოფილად გასცნობოდნენ ეპოქის მოწინავე იდეებს; გიმნაზიელები ახერხებდნენ და კითხულობდნენ ევროპული და რუსული ლიტერატურის გამოჩენილ წარმომადგენელთა ნაწარმოებებს: ბაირონს, გოეთეს, შილერს, პუშკინს, მიცკევიჩს; ბარათაშვილის მეგობრებმა ცხოვრების შემდგომ ეტაპზე სხვადასხვა ასპარეზზე გამოიჩინეს თავი და მე-19 საუკუნის საქართველოს ისტორიაში ცნობილ პიროვნებებად დარჩნენ. ესენი იყვნენ: დიმიტრი ყიფიანი, ლიტერატორი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, დღეს წმინდანად შერაცხული; კონსტანტინე მამაცაშვილი, ლიტერატორი, ბარათაშვილის პირველი ბიოგრაფი; ლევან მელიქიშვილი, ცნობილი გენერალი, კავკასიის მთავარმართებლის მოვალეობის შემსრულებელი 70-იან წლებში; მიხეილ თუმანიშვილი, პოეტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე; ილია ორბელიანი, ბარათაშვილის ბიძა, ცნობილი გენერალი, ლექსიმერანისადრესატი; ლუკა ისარლიშვილი, შემდგომში შეუბრალებლობით ცნობილი ცენზორი; ასევე ნაკლებადცნობილი პირები: იასე ანდრონიკაშვილი, მირიან ჭყონია, ეგორ ვილემსი, გარსევან ვარლამოვი, . იზიუმსკი, ივანე ტიტკოვი, ალექსანსრე მონასტირსკი. მათაც ლიტერატურული ინტერესები ამოძრავებდათ და წარმოჩნდებიან კიდეც ალმანახისა დათბილისის გიმნაზიის ყვავილისფურცლებზე, აგრეთვე წერილებსა და ზოგიერთ დოკუმენტებში.
       1833 წელს ბარათაშვილის გიმნაზიის მეგობრებმა შეადგინეს ხელნაწერი ალმანახი (შემორჩენილ ეგზემპლიარს თავფურცელი აკლია და ამიტომაც მისი სახელწოდება  ცნობილი არ არის), ხოლო 1835 წლის მაისიდან 1936 წლის თებერვლამდე სცემდნენ რუსულ ხელნაწერ ჟურნალს  _ „Цветок Тифлисской Гимназии“, რომლის სულ  ხუთი ნომერი გამოვიდა. რედაქტორი იყო მიხეილ თუმანიშვილი. ბარათაშვილი მონაწილეობას იღებდა ჟურნალში, როგორც ერთ-ერთი წევრი, სტატიების ავტორი. მისი წერილები მოთავსებული ყოფილა ჟურნალის მეოთხე ნომერში, რომელიც დაკარგულია, მაგრამ ცნობის სანდოობას ადასტურებს მეხუთე ნომრის საერთო სარჩევი, საიდანაც ვიგებთ, რომ მე-4 ნომერში შესული ყოფილა ბარათაშვილის სამი წერილი: I. „Письмо из деревни; II. თარგმანი ძველი ქართული რომანიდანვისრამიანი“ (ნაწყვეტი) (სქ. წარმოდგენილი დასათაურების მიხედვითვისრამიანიქართულ ორიგინალურ ნაწარმოებად შეიძლებამივიჩნიოთ. დღესდღეობით დადგენილია, რომ ის სპარსულიდანაა ნათარგმნი) ; III.  О папской власти. 1. О возвышении папизма;   2. О падении его”. 
     საყურადღებოა, რომ ბარათაშვილი წერს კათოლიციზმის ისტორიაზე, რაც მის ფართო ინტერესებზე მეტყველებს. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პაპიზმის ისტორიის კვლევისას მას უნდა ესარგებლა დეკაბრისტი კონდრატი რილეევის სტატიით _ „Причина падения власти пап“, რადგან ამ პერიოდში ქართულ საზოგადოებაში გავრცელებული იყო დეკაბრისტი რილეევის ნაწერები ხელნაწერთა სახით (გრიგოლ ორბელიანმაც გადმოაქართულა კონდრატი რილეევისნალივაიკოს აღსარება“).
   ბარათაშვილის მიერვისრამიანისთუნდაც ერთი მონაკვეთისთარგმანი“  მეტყველებს მის დაინტერესებაზე ძველი ქართული ლიტერატურით; სარჩევში წარმოდგენილი სათაური _ „თარგმანი“ _ შესაძლოა ნიშნავდეს ძველი ქართულიდან მწერლისდროინდელ ქართულზე გადმოტანასაც და კომენტირებასაც. დღესდღეობით არ ხერხდება ზუსტი ანალიზი, რა სახის შრომა წარმოადგინა გიმნაზიელმა ბარათაშვილმა. ყოველ შემთხვევაში, მის მიერ მასალის შერჩევაც კი მიგვანიშნებს ყმაწვილის კარგ გემოვნებაზე და საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის სურვილზე.
       რაც შეეხება ბარათაშვილის კორესპონდენციასწერილი სოფლიდან“, ვგონებთ, მსგავსი უნდა იყოს  ჟურნალის სხვა ნომერში მოთავსებული გიმნაზიელი ტიტკოვის ამავე სათაურის წერილისა, რომელშიაც აღწერილია პანსიონის მოწაფეთა ცხოვრება სოფლად: დილით, მზის ამოსვლისას, 11 საათამდე ჩვენ ჩვეულებრივად ვაკეთებთ საკლასო ლექციების რეპეტიციებს. 11-ზე _ ვსაუზმობთ, პირველზე _ ვსადილობთ. სადილობამდე და სადილის შემდეგ დროს ვანდომებთ ლექსებსა და პროზაში პრაქტიკულ ვარჯიშობას. თამაშობა, განსაკუთრებით კი ცხენით გასეირნება ლამაზი სანახაობის მინდვრებში ან მაცოცხლებელი ჩანჩქერის ნაპირას, ანიწებს გონებასა და გულს საკმაო სიცხოველეს. საღამოობით ვკითხულობთ პერიოდულ გამოცემებს ან საშინაო ბიბლიოთეკას ვჩხრეკავთ („თბილისის გიმნაზიის ყვავილი“). ჩანს, პანსიონის მოსწავლეებს არდადეგების გატარება შეეძლოთ პანსიონის საზაფხულო რეზიდენციაში სოფლად, სადაც მათ ჰქონდათ გარკვეული რეჟიმი, გართობასთან ერთად ინტელეტუალური ვარჯიში; შთაბეჭდილებებს კი ისინი ხელნაწერ ჟურნალში ათავსებდნენ.
       გიმნაზიაში ბარათაშვილი იცვამდა ქართულად. . მამაცაშვილი გვიამბობს: მე მახსოვს ნიკოლოზ ჩაცმული ბუზმენტით მორთულ ჩოხაში, დიბის ახალუხით, თავზედ პატარა ქართული ჩაკეცილი ქუდი. ქართულად რომ იტყვიან, კოხტურად ჩაცმული (მამაცაშვილი 1893). გარეგნულად ტატო არც მაღალი ყოფილა და არც დაბალი, არც მსუქანი და გამხდარი. გამოირჩეოდა თვალებით, რომელთაც მისი თანამედროვენიბუდეშურსუწოდებდნენ („ბუდეშურისულხან-საბას განმარტებით გრძელმარცვლიანი ყურძნის ჯიშია). ნიკო ნიჭიერი მოსწავლე იყო. პედაგოგები და სკოლის მეგობრები მის ტალანტს ამჩნევდნენ. ლექსების წერა ადრევე დაუწყია. კერძოდ, გიმნაზიის პერიოდში დაწერილი ლექსებია: „ვარდი და ია“, „ნარგიზი და ყაყაჩო“, პოემაკავკასიური მოთხრობა“. ეს ლექსები ჯერ კიდევ ბავშვურია და თარიღდება 1832 წლითამათ მოყვება პირველი ვარიანტები ლექსებისავარდი და ბულბული“ (1832-1833 წწ) დაშემოღამება მთაწმინდაზედ“ (1833), რომლებშიაც უკვე იგრძნობა ტატოს დიდი პოეტური ნიჭი და ღრმა სულიერება.
    ზოგს აკვირვებს კიდეც ბარათაშვილის პოეზიაში წარმოჩენილი სულიერი სიღრმე და მასთან შერწყმული, ერთი შეხედვით, შეუფერებელი პოეტის ხასიათი: მხიარულება, ოხუნჯობა, სიმკვირცხლე, სიცელქე; ჩვენი აზრით, სწორედ ამ ხასიათმაც განაპირობა მისი აზროვნების მასშტაბურობა. ის არ იყო თავის თავში ჩაკეტილი, როგორც ერთი შეხედვით წარმოგვიდგება, ყველაფერს ახერხებდა, ყველგან ტრიალებდა და ამხანაგების სული და გული იყო სწორედ თავისი ხასიათის წყალობით. . მამაცაშვილი, ბარათაშვილის სკოლის მეგობარი, რომლის მონათხრობი ერთადერთი უტყუარი წყაროა ჩვენთვის გიმნაზიის დროინდელი ბარათაშვილის სახის აღსაქმელად, იგონებს: მკვირცხლი, ცელქი, მოუსვენარი, ცოტა ანჩხლი, ნერვებიანი, მახვილი _ ბარათაშვილი იყო სული და გული ტოლ-ამხანაგებისა. ყველას უყვარდა იგი და ყველა ერიდებოდა მის ენას. იყო დამცინავი, ჩქარი, თუმცა კეთილი, ჭკვიანი, ამხანაგებისა და თვისის მოყვარე. ბარათაშვილი უმეტესად განსხვავებული იყო ამხანაგებში თავისის მხიარულის ხასიათით, სიმარდით პირველი მოტანცავე იყო, საკუთრად ლეკურისა... სხვაზე უფრო დაწინაურებული იყო ბარათაშვილი ტანცაობითაც. სასწავლებელს ჰყავდა ტანცების მასწავლებელი და ჰქონდა საკუთარი ტანც-კლასი. ყოველ შაბათობით მოდიოდა სასწავლებელში ოსტატი, რომელიც სხვათაშორის ლეკურსაც ასწავლიდა. ბარათაშვილი პირველი მოტანცავე იყო და უპირველესი მოლეკურე, თუმცა მესამე კლასში იყო თუ მეოთხეში (მამაცაშვილი 1893). თავისი სიცელქის გამო ტატო გიმნაზიის კიბეებიდან გადმოვარდა და ორივე ფეხი მოიტეხა; როცა განიკურნა და სიარული შეძლო, აღმოჩნდა, რომ ცალი ფეხით დაკოჭლებულიყო. ცნობილია აგრეთვე, რომ ტატოს პროტესტულმა საქციელმა და სატირულმა ლექსებმა დიდი აურზაური გამოიწვია ქალაქში და ბარათაშვილი ორი კვირის განმავლობაში დაპატიმრებულიც კი ყოფილა პოლიციაში. ეს შემთხვევა აღწერილი აქვს აკაკი წერეთელს თავის მოთხრობაში _ „ჩემი თავგადასავალი“. აკაკი მოგვითხრობს პეტრე ბაგრატიონთან, თავისი უფროსი ძმის _ ილიას _ პოლკის უფროსთან, შეხვედრას, რომელთანაც ის ძმამ მიიყვანა  რჩევის საკითხავად: „... სახლის პატრონმა ქართულად მომიკითხა, მე გავკვირდი და იმანაც სიცილით მითხრა: „განა ქართველი აღარა გგონივარო? დიდი ხანია რუსეთში ვარ და ცოტა დამავიწყდა, თვარა შენზე უკეთ ვიცოდი ქართული! შენც, როგორც იმერელი, უეჭველია, იმერულ კილოთი უკიდებ და მე კი წმინდა ქართლური ვიცოდი. ტფილისში სააზნაურო სასწავლებელში ვსწავლობდი ერთად ტატო ბარათაშვილთან, პოეტი რომ იყო, და ბრალიც იყო ჩემი რუსეთში წამოსვლა და კორპუსში გადასვლა: გაგიგონია შაირებით დიდი კაცების გალანძღვა? აგვიყოლია ჩვენც, მისი მეგობრები: ის სწერდა და ჩვენ ვაგზავნიდით; როცა ფოსტალიონი მოვიდოდა ხოლმე ჩვენს სასწავლებელში, ჩვენ შემოვეხვეოდით გარს, უცბად ავუწევდით ჩანთის თავს, სადაც წიგნები ელაგა, და ჩავუდებდით ხოლმე ჩუმად ჩვენს გალექსილ წერილებს. ის რას მოიფიქრებდა, რომ ნახავდა ჩანთაში წერილებს? მიჰქონდა ადრესისამებრ. ერთი ალიაქოთი ატყდა ტფილისში! გამოძიება დაინიშნა. ბოლოს გაგვიგეს, დაგვიჭირეს და ბარათაშვილს ჰონორარად ოცდახუთი როზგი მიანიჭეს; ჩვენც იმდენივე გადაგვიწყვიტეს, მაგრამ მე გავიქეცი, გამოვედი სასწავლებლიდან. კორპუსში გამომგზავნეს და მას აქეთ აქა ვარ სამსახურშიო (წერეთელი 1989 : 83).
             1893 წლის გაზეთივერიის“ 79- ნომერში, ზუსტად ბარათაშვილის ნეშტის საქართველოში გადმოსვენების წინ, . ცხვილოელი (კარბელაშვილი) დაწვრილებით  გვიამბობს  ამბავს, რომელიც მან ბარათაშვილის პანსიონის მეგობრის, გიორგი ანდრონიკაშვილისგან ჩაიწერა და რომელიც ზედმიწევნით მსგავსია პეტრე ბაგრატიონის მონათხრობი ამბისა. სტატია დაიბეჭდა სათაურით _ „ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი ტფილისის კეთილ-შობილთა სასწავლებლის IV კლასში“:    ბარონი როზენი, საქართველოს მთავარ-მართებელი, ჩამოვიდა თუ არა ტფილისში, დაათვალიერა კეთილშობილთა სასწავლებლის პანსიონი და IV კლასის მოსწავლეთა შორის თავის ადიუტანტად აღირჩია აწ განსვენებული . . . _ლი. მისს ამხანაგებს მეტად გულს დააკლდათ, ნამეტნავად ტატოს, ამხანაგის განშორება. სახელოვანმა ახალგაზრდა ტატომ თავისი გულისწყრომა ბარონ როზენზედ წარმოაცალიერა თავის ცხარე წერილში, დაბეჭდა იგი პეტრე ბაგრატიონის (თავის ამხანაგის) ბეჭდით ლაქაზედ და ყაზახს, იმ ხანად ფოსტის მატარებლის ხელში წერილების გასინჯვის დროს _ ჩვენ სახელზე წერილი ხომ არა არის-რაო, _ ჩაუდო ჩუმად დავთარში. როზენი აენთო ამისთანა შეურაცხებისათვის, დანიშნა გამოძიება და ბეჭდით აღმოაჩინეს ტატოს ბრალიანობა. ტატომ, როგორც იმავე თავით დიდსულოვანმა, წარბიც არ შეარხია: პეტრე ბაგრატიონი დაარიგა, ეთქვა _ „ბეჭედი ჩემია, მაგრამ მე არა ვიცი რა, უთუოდ მომპარეს და ისე დაჰკრეს ლაქზედაო; თვით იდო თავს დანაშაული და ყოველივე დაწვრილებით აღიარა გამოძიების წინაშე და არავინ ამხანაგთაგანი დანაშაულში არ გაჰრია. ტატო ორი კვირით დაამწყვდიეს ცალკე (карцеръ) რკინის ცხავ გადაკრულ სარდაფში და ამ ხნის განმავლობაში ამხანაგნი ჩუმად უზიდავდნენ საუკეთესო საჭმელ-სასმელს, დაქრთამულის მოსამსახურის ხელით. ორი კვირის შემდეგ კი უნდა სამასი წკეპლა (როზგი) დაეკრათ. გამოარჩიეს ასი შეგირდი და მათგან თითოს სამ-სამი უნდა დაეკრა. გაროზგვის წინად მადლიანმა მასწავლებელმა (III და IV კლასსებში წერისა და გეოგრაფიისამ) შეგირდებს ასწავლა როზგის დარტყმა ისე, რომ ტატო არ გაემწვავებინათ. ეს მასწავლებელი იყო პავლე ივანიჩ შიპულინი. დანიშნულ დღეს მოსამსახურეებს მიჰქონდათ როზგები; მათ შემდეგ დანარჩენ მოსამსახურეებს მიჰყვანდათ ტატო და ბოლოს-კი _ მასწავლებელნი ასი შეგირდით. ტატო გაროზგეს დედმამის თვალწინ, განსვენებულ გრ.ორბელიანის სახლის მახლობლად (ორბელიანთ უბანში იდგა მელიტონ ბარათაშვილი.) გაროზგის დროს მელიტონი დასძახოდა _ „მაგრა დაჰკათ მაგ საძაგელსო!“ დედა-კი იხვეწებოდა _ აპატიეთო. ტატო-კი ამხნევებდა დედას _ მე ამით ვერ მომკლავენ და ენას ვერ მომჭრიანო. გაროზგვის დროს ტატოს კრინტიც არ დაუძრავს. ისევ პანსიონში დარჩა. ერთის წლის შემდეგ ტატომ შეუგდო აივანზე ბარონ როზენს სამასხარო ნახატი, რომელზედაც ბარონი აბუჩად იყო აგდებული. ეჭვი მიიტანეს ტატოზედ და ამისათვის გამორიცხეს სასწავლებლიდამ. რა-კი ნათესაობა _ დიდკაცობა ჰყვანდა, იგი გაამწესეს მწერლად საგუბერნიო სამმართველოში, სადაც ჯერ სტოლნაჩალნიკობა მიიღო, მერე მდივნობა. ბოლოს განჯაში გაამწესეს ნაჩალნიკის თანაშემწედ და იქვე გარდაიცვალა.
     საგუბერნიო სამმართველოში სამსახურის დროს ტატომ დასწერა რამდენიმე ლექსი, რომლებშიაც ტფილისის სომხობა მასხრად ჰყავდა აგდებული. ამისათვის ერთს ბნელ საღამოს სიონის ქუჩაში, დახურულ ბაზრის გამოსწვრივ, მომავალ ტატოს დაუხვდა ორი უცნობი სომეხი, ჩამოაცვეს თავზე ტომარა, წააქციეს და ძალიან სცემეს. მცემელნი იყვნენ პანსიონში ნაამხანაგარი სომხები (ნაამბობი ტატოს ნაამხანაგარის 73 . მოხუცის . გიორგი მიხაილის ძე ანდრონიკაშვილისა (გაზ. „ივერია 1893 : # 79).
         ცინიკოსის ბუნება და მხიარული ხასიათი ტატოს სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა.
                                       

           ბარათაშვილის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი შეხედულებანი
                                         1832 წლის შეთქმულება
            ნიკოლოზ ბარათაშვილი  15 წლის ბიჭი იყო, ჯერ კიდევ გიმნაზიის მოწაფე, როცა შეთქმულება ჩაიშალა, ამიტომ ძნელი დასაჯერებელია, რომ მან შეთქმულების შესახებ რაიმე იცოდა; თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ სომომონ დოდაშვილს ის მიღებული ჰყავდაფარულ საზოგადოებაში“, რომ ბარათაშვილიც გაჩხრიკეს დოდაშვილის საქმესთან დაკავშირებით და ორი კვირით კიდეც დააპატიმრეს (ლეონიძე 1945 : 12).
           პავლე ინგოროყვას აზრით, რომელსაც ჩვენ თავიდან ბოლომდე ვეთანხმებით, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, იყო თუ არა პოეტი შეთქმულების უშუალო მონაწილე, მთავარია, რა გავლენა იქონია ამ მოვლენამ მის ინტელექტუალურ და ზნეობრივ განვითარებაზე. პავლე ინგოროყვა ამ სტრატეგიული გავლენის შედეგს ასე აყალიბებს:
          მე-19 საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიაში ნიკოლოზ ბარათაშვილი, ავტორიბედი ქართლისა, არის მემკვიდრე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგიისა, რომელმაც გამოსახულება პოვა 1832 წლის შეთქმულობაში, „მამულის გამოხსნის შეთქმა-ში... ნიკოლოზ ბარათაშვილი იყო ის რჩეული, რომელმაც მიიღო მემკვიდრეობა 1832 წლის თაობისა, აზიდა ის ტვირთი, რომელიც 1832 წლის თაობამ დატოვა (ინგოროყვა 1968 : 33).
        1832 წელს ბარათაშვილი გიმნაზიის უფროსი კლასის მოსწავლე იყო. შეიძლება ითქვას, რომ ინტელექტუალურად ის ყალიბდებოდა შეთქმულთა წრეში. შეთქმულების მონაწილე იყო პოეტის ბიძა _ გრიგოლ ორბელიანი, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა პოეტი, მის პოეზიაზე იზრდებოდა, ბაძავდა მას და სულის მესაიდუმლედ მიაჩნდა; შეთქმულებაში მონაწილეობდა მეორე ცნობილი პოეტი _ ალექსანდრე ჭავჭავაძე, რომლის ოჯახთან, განსაკუთრებით კი, ქალიშვილებთან, მეგობრობდა პოეტი და ხშირად დაიარებოდა მათთან; შეთქმულების მონაწილენი იყვნენ ბარათაშვილის ნათესავები _ ალექსანდრე ორბელიანი და ვახტანგ ორბელიანი, რომლებიც ახლობლობდნენ და მეზობლობდნენ ბარათაშვილის ოჯახთან, ერთ უბანში, ერთმანეთის გვერდით ცხოვრობდნენ; შეთქმულებაში ჩაბმული იყო ახალგაზრდა გიორგი ერისთავი, ამ დროს 17 წლისა, თითქმის ბარათაშვილის ტოლი, რომელიც იმ ლიტერატურული წრის აქტიური წევრი იყო, რომელშიც ბარათაშვილიც შედიოდა. ამ დროს გიმნაზიის მასწავლებლები იყვნენ შეთქმულების წევრები: ცნობილი მოღვაწე სოლომონ დოდაშვილი და ახალგაზრდა მასწავლებლები, ამავე გიმნაზიის ნამოწაფარები _ დიმიტრი ყიფიანი და ზაალ ავთანდილაშვილი.
       სოლომონ დოდაშვილი, შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, ბუნებრივია, იდეურ გავლენას ახდენდა თავის მოწაფეებზე და განსაკუთრებით მის ირგვლივ შემოკრებილ ლიტერატურულ წრეზე, რომელშიაც შემოდიოდნენ დამწყები ლიტერატორები: დავით მაჩაბელი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, მიხეილ თუმანიშვილი, რაც აისახა კიდევაც მათ მიერ შეთქმულების შემდგომ დაწყებულ ლიტერატურულ საქმიანობაში, ალმანახისა და ხელნაწერი ჟურნალის გამოცემაში. სოლომონ დოდაშვილი დაკითხვის ოქმებში საუბრობს იმ კრებებსა და თათბირებზე, რომლებშიც იღებდა მონაწილეობას, აგრეთვე მის სახლში გამართულ სადილზე, სადაც მოწაფეებიც ყოფილან (ახსენებს დავით მაჩაბელს), მაგრამ, მისი თქმით, აქ საუბარი იყო მათ მხატვრულ შემოქმედებაზე, ბიბლიოთეკის შექმნაზე, ტიპოგრაფიის შეძენასა და ნიჭიერი ახალგაზრდების უნივერსიტეტში გაგზავნაზე.
       ბარათაშვილის თვალწინ მოხდა შეთქმულთა დაპატიმრება, მათი გადაყვანა ავლაბრის ყაზარმებში, განაჩენის გამოტანა და შემდეგ გადასახლება. ეს საზოგადოებრივი მღელვარება, შიში, ფორიაქი აისახა თბილისის არისტოკრატიის ყველა ოჯახზე და ბარათაშვილი ამ ყოველივეს მიღმა ვერ დარჩებოდა. მისი ოჯახი განსაკუთრებით ნერვიულობდა გრიგოლზე, ამას დაერთო ბებიის _ხორეშანის _ გარდაცვალება, რომელიც დაპატიმრებულმა პოეტმა ავლაბრის ყაზარმიდან დაიტირა. სიკვდილი მიუსაჯეს სოლომონ დოდაშვილს, რომელსაც შეუძლებელია არ მოჰყოლოდა მისი მოწაფეების განცდა, აღშფოთება და თანაგრძნობა. ამ თანაგრძნობის გამოხატულება უნდა იყოს სწორედ ამ დროს, შეთქმულთა ავლაბრის ყაზარმებში ყოფნისას გამოშვებული ლიტერატურული ალმანახი, ლექსთა კრებული. აქ მოთავსებულია ნიკოლოზ ბარათაშვილის (5 ლექსი), მიხეილ თუმანიშვილისა და დავით მაჩაბლის პოეტური ნაწარმოებები; ასევე დაპატიმრებულთა, რომელთა სახელის ხსენებასაც ვერ ბედავდნენ საზოგადოებაში, ნაწერები და, რაც მთავარია, არა პოლიტიკურად ნეიტრალური თხზულებანი, არამედ, პირიქით, სამშობლოს გამოხსნის მოწოდების შემცველი. ეს თხზულებანია: . ერისთავისოსური მოთხრობა“, რომელიც თავის დროზე სოლომონ დოდაშვილმა დაბეჭდასალიტერატურონი ნაწილნიშიდა გრ. ორბელიანისიარალის“, რომელიც ლამის პოეტის დაპატიმრების საბაბად იქცა.
           პავლე ინგოროყვას ბარათაშვილის შეთქმულებასთან თანაგრძნობის წარმოსაჩენად მოჰყავს კიდევ ერთი ამბავი იონა მეუნარგიას ჩანაწერებიდანრომლის თარიღადაც, შემონახული ცნობების მიხედვით, სწორედ 1833 წელი მიაჩნია. გიმნაზიის მოსწავლეებს გაუმართავთ კონცერტი (არაა ცნობილი რა ხასიათის), რომელშიც მონაწილეობას ბარათაშვილიც იღებდა. ამ კონცერტს თანამდებობის პირები დაცინვით შეხვედრიან. ბარათაშვილსა და მის ამხანაგებს _ ლევან მელიქიშვილსა და პეტრე ბაგრატიონს ფოსტით გაუგზავნიათ თბილისის გუბერნატორ ნიკო ფალავანდიშვილისთვის ბარათაშვილის სატირული ლექსი. ამ ფაქტის გამო თბილისში გამოძიება დაწყებულა. წერილის ბეჭდის საშუალებით მიუგნიათ დამნაშავეებისთვის. გამოძიებამ გამოარკვია, რომ ლექსის ავტორი იყო ნიკოლოზ ბარათაშვილი, მისი ფურცელზე გადამწერი _ ლევან მელიქიშვილი, ხოლო კონვერტზე მისამართის დამწერი _ პეტრე ბაგრატიონი (ფუნქციების ამგვარი გადანაწილებაც, ჩანს, შესანიღბავად იყო მოფიქრებული). ხელისუფლებამ დამნაშავეებს როზგით დასჯა აკმარა. იონა მეუნარგია ასე აღწერს ამ პროცესს:
           მთავარმართებლის ბრძანებით დამნაშავენი ნიკო ბარათაშვილი და პეტრე ბაგრატიონი გაიგზავნენ თავიანთ მშობლებთან დასასჯელად. ამ ბრძანების თანახმად, ტატო (. ბარათაშვილი) წაუყვანეს მის მრისხანე მამას. პროცესია ამრიგად მიდიოდა: წინ მიდიოდა დამნაშავე, იმას უკან მისდევდა გუვერნიორი და გუვერნიორს დარაჯიროზგით. ადვილად წარმოსადგენია, რაც დღე დაადგებოდა ამ თოთხმეტი-ხუთმეტი წლის ვოლტერს თავისი სატირისათვის. იმის სიხარულით, რომ შვილი სკოლიდან არ გამოურიცხეს, მამამ კინაღამ სული არ ამოართვა, იმდენი სცემაო (მეუნარგია, ქართველი მწერლები 1954 :197).
            აღსანიშნავია, რომ მეუნარგია არაფერს მოგვითხრობს ლევან მელიქიშვილის მონაწილეობის შესახებ, რაც გვხვდება . აბაშიძის ნაწერებში _ „საუბარი პეტრე ბაგრატიონთან“. ადვილი შესამჩნევია, რომ ბარათაშვილის დასჯის ეს ეპიზოდი ფალავანდიშვილზე დაწერილი სატირის გამო (რომელიც მეუნარგიას მოჰყავს) ძალიან ჰგავს მისი დასჯის კიდევ ერთ ეპიზოდს მთავარმართებელ როზენზე დაწერილი სატირისათვის (რომელსაც იხსენებს გიორგი ანდრონიკაშვილი  ცხვილოელთან მონათხრობში). მიუხედავად მსგავსებისაშესაძლებელია ისინი სხვადასხვა შემთხვევად ჩაითვალოს, რადგან პეტრე ბაგრატიონის მონათხრობში (აკ. წერეთელთან) აღნიშნულია, რომ ბარათაშვილის გამიზნულხუმრობებსმრავალჯერადი ხასიათი ჰქონია _ „ის სწერდა და ჩვენ ვაგზავნიდითო“. აკაკისთან საუბარში პეტრე ბაგრატიონი არ აკონკრეტებს, ვის მიმართ იყო დაწერილი ბარათაშვილის სატირები, მხოლოდდიდი კაცების ლანძღვაზემიუთითებს, მაგრამ მისი უცაბედი გადასვლა რუსეთში გიმნაზიის დაუმთავრებლად  შესაძლებელია მშობლების მხრიდან იყო შვილის ერთგვარი თავდაცვა, გამოწვეული 1832 წლის შეთქმულების გამო საზოგადოებაში დამკვიდრებული შიშით.
          ფალავანდიშვილის (შეთქმულების გამცემისა და თბილისის სამოქალაქო გუბერნატორის ძმის) საქციელით გამოწვეულ პროტესტს კრიტიკოსები ხედავენ ბარათაშვილის ლექსშიძია ...სთან“, რომელიც დიშვილმა გადასახლებაში მყოფ ბიძას მიუძღვნა და წერილთან ერთად გაუგზავნა 1837 წლის თებერვალს:
                 ძიავ, ყაბახი, სამშობლო შენი,
                წაგართო ავის ენისა გესლმან;
                სატრფონი მისნი შემოგარენი
                გარდახვეწილსა დაგიხშო ეტლმან!“
                                                      (ბარათაშვილი 1968 : 92).
        სიტყვები ხაზგასმულია დედნის მიხედვით. საინტერესოა წერილის დასასრულიც:
    ძიავ! ეს ლექსები დიდი ხანია დაწერილი მქონდა. მაგრამ ფოჩტას ვერ ვანდე კიდევ, რა ვიცი, როგორ მომხდარიყო, იქნება დაკარგულიყო, და მერმე:
                   „არ ვინ იცის, რა გამოვა რისაგან
                                                                (ბარათაშვილი 1968 : 170).
          ბოლო სიტყვები პოეტს მოყვანილი აქვს საიათნოვას ლექსიდან _ „შე საწყალო ჩემო თავო, რა იქენ“. ცხადია, რომ ბარათაშვილი უფრთხის ცენზურულ რეჟიმს, რომელიც, ბუნებრივია, 1832 წლის შეთქმულების ჩაშლის შემდგომ იქნებოდა საქართველოში და რომლის წყალობით წერილი შესაძლებელია არ მისულიყო ადრესატამდე, ან კიდევ რაიმე სხვა სასჯელი მოჰყოლოდა, რომლის გამოცდილებაც უკვე მიღებული ჰქონდა ჯერ კიდევ ყმაწვილ ბარათაშვილს. ჩანს ისიც, რომ მან წერილი კერძო პირს გაატანა, რადგან ფოსტას არ ენდო.
       გიორგი ლეონიძე 1832 წლის შეთქმულების დამარცხებით გამოწვეულ განწყობას ხედავს ბარათაშვილის კიდევ ორ ლექსში _ „ბულბული ვარდზედდაშემოღამება მთაწმინდაზედ“. მას მოჰყავს ლექსის _ „ბულბული ვარდზედ“  _ პირველი ვარიანტის ბოლო ორი სტრიქონი:
        მაქვნდა მცირე წადილი, ვერ მივხვდი კი ძნელობას,
         ესთ გაწბილდეს, ვინც იწყებს თვისგან შეუძლებლობას;
      და ურთავს კომენტარს: ამ ლექსში, რომელიც დაწერილია 1833 წელს, ეჭვი არაა, ლაპარაკი უნდა იყოს იმათგაწბილებაზე, ვინც თავისთვისშეუძლებელ საქმეს მოჰკიდებს ხელს. შეთქმულობის იდეით გატაცებული პოეტი გულმტკივნეულად გამოსთქვამს უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ახალგაზრდა შეთქმულებმა ხელი მოსჭიდეს მათთვის მძიმე, შეუძლებელ საქმეს და ბოლომდის ვერ მიიყვანეს (ლეონიძე 1945 : 14), ხოლო ლექსის _ „შემოღამება მთაწმინდაზედ“ _ პირველ ვარიანტშიც  „გულდახურულთაგანწყობაში სავარაუდოდ კრიტიკოსს  შეთქმულთა უნუგეშო მდგომარეობა ესახება.
        აღსანიშნავია, რომ ეს ორივე ლექსი პირველი რედაქციებით ჩართულია ხელნაწერ ალმანახში. ეს ფაქტი კიდევ უფრო განამტკიცებს ლეონიძის ვარაუდს, რადგან ეჭვგარეშეა, რომ ჟურნალი გაბედული მცდელობაა იმ ვაკუუმის ამოვსებისა, რომელიც გამოიწვია ლიტერატურული ხასიათის პრესის უქონლობამ შეთქმულების ჩაშლის შემდგომ პერიოდში. . გოცაძექართული ჟურნალისტიკის ისტორიაშიმიუთითებს იმ დიდ გავლენაზე, რომელიც პირველმა ქართულმა ჟურნალმა _ „სალიტერატურონი ნაწილნი“  _ მოახდინა ალმანახის შემდგენლებზე და აღნიშნავს: სალიტერატურონი ნაწილნში ხელმოუწერელი, თუ ინიციალებით მოთავსებული მასალა, გიმნაზიის მოწაფეთა ჟურნალში, გახსნილად იყო წარმოდგენილი. ლექსსმთოვარეს, რომელიც პირველად, როგორც ვიცით, სოლ. დოდაშვილმა 1832 წელს დაბეჭდა, ხელს აწერდა, აქ კი, ხელნაწერ ჟურნალში, ეს ლექსი მთლიანად იყო გადმოღებული და ხელს აწერდა ალ. ორბელიანი. მოწაფეთა ხელნაწერ ჟურნალში მოთავსებული იყო . . ერისთავისოსური მოთხრობა, რომელიც თავის დროზე ისევსალიტერატურონი ნაწილნში იყო ხელმოუწერელად გამოქვეყნებული, ხოლო აქ, ხელნაწერ ჟურნალში, მას ხელს . . ერისთავი აწერდა...“ (გოცაძე 1954 : 250). მოწაფეთა ასეთი პირდაპირობა პროტესტის მანიშნებელია. ისინი არ ერიდებიან მთავრობის მიერ ჟურნალის საეჭვოდ აღიარებას, თუმცა პროტესტიც ზომიერია, გარკვეულ ფარგლებში მოქცეული და საკუთრივ შემდგენლების მხატვრულ შემოქმედებაში ის ალეგორიის ფორმით იფარება.
     ალეგორიულია ალმანახში შესული  ბარათაშვილის ლექსი _ „ყაყაჩო და ნარგიზი“, რომელიც ნაკლებ იმსახურებს მკვლევართა ყურადღებას, რადგან არ დგას ბარათაშვილის შედევრთა რიგში. ლექსი ნაკლულია, ანუ გადამწერს შეცდომით გამორჩენია ერთი სტრიქონი. მისი შინაარსიდან გამომდინარე, ის უნდა იყოს პირველი ვარიანტი ბარათაშვილის გენიალური ლექსისა _ „რად ჰყვედრი კაცსა“, რომელიც მოგვიანებით, 1842 წელსაა დაწერილი. ნარგიზი წუნობს ყაყაჩოს შემდეგი მიზეზის გამო: ხარ ჭრელი, მითაც არ მშვენი, ხარ მოხრილი ავადა  /ხაზგასმული სიტყვები ხელნაწერშიც გამოყოფილია/ (ბარათაშვილი 1968 : 162). ყაყაჩო გაიფურჩქნა, თავისი სურნელი გადმოაფრქვია და მოკამათე ნარგიზს მიმართა:
         შვენიერება გარეგანი არს მართლად
         უშინაგანოდ ფუჭი ყოვლგან მარადა (ბარათაშვილი 1968 : 162).
          ყაყაჩოს მოხრილობაში შესაძლოა ის ჩაგვრა ვიგულისხმოთ, რომელსაც საქართველო რუსეთის მფარველობის ქვეშ განიცდის, მაგრამ მისი შინაგანი მშვენიერება იძლევა გასწორების და გაფურჩქვნის იმედს.
          ბარათაშვილის მღელვარებაზე შეთქმულებით გამოწვეული მოვლენების გამო და მის აქტიურობაზე, რასაც ერთგვარი პროტესტის ფორმა აქვს, მიგვითითებს  ალმანახის  სხვადასხვა განყოფილებაში მოთავსებული პოეტის ხუთი ლექსი: „ვირი და ია“, „ნარგიზი და ყაყაჩო“, „ვარდი და ბულბული“, „კავკასიური მოთხრობა“, „შემოღამება მთაწმინდაზედ“. თავისთავად ის ფაქტი, რომ გიმნაზიის მოწაფეებმა გააგრძელეს თავიანთი მასწავლებლის, შეთქმულების ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ მიჩნეული და სიკვდილმისჯილი სოლომონ დოდაშვილის საქმიანობა, ლიტერატურული ჟურნალის, თუნდაც ხელნაწერისგამოცემა, მასში შეთქმულთა ნაწარმოებების შეტანა, უკვე მიგვანიშნებს მათ მიერ ეროვნული მემკვიდრეობის ღირსეულ მიღებაზე დამამულის გამოხსნისმომავალი გზების ძიებაზე.
      ამ გზის შემდგომი ნაბიჯითბილისის გიმნაზიის ყვავილიიყო. იგი დგებოდა რუსულ ენაზე. სულ გამოვიდა ხუთი ნომერი, აქედან 1-ლი და მე-4 ნომერი დაზიანებულია და ფურცლებნაკლული. ეს არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ ლიტერატურული ჟურნალი, უნდა მოეცვა ლიტერატურისა და მეცნიერების თითქმის ყველა დარგი, ჰქონდა თავისი პროგრამა, შინაარსი და მიმართულება (იხ. . გოცაძე, „ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, . I, გვ. 253-262).  „ყვავილისპირველი ნომერი გამოვიდა 1835 წლის მაისში, ბოლო _ 1836 წლის თებერვალში. ჟურნალის რედაქტორ-შემდგენელი იყო მიხეილ თუმანიშვილი. ბარათაშვილის სტატიები, რომლებზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი მოთავსებული იყო მე-4 დაზიანებულ ნომერში და აღარცერთი შემორჩენილი არ არის. მათ შესახებ ვიგებთ მე-5 ნომრის საერთო სარჩევიდან.
          ორივე ჟურნალი, გარდა იმისა, რომ აგრძელებს ეროვნულ _ „მამულის გამოხსნის“ _ საქმეს, იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ გამოდის მაშინ, როცა არცერთი პერიოდული ორგანო არ არსებობს შეთქმულების გამო დასჯილ და რეპრესირებულ საქართველოში.

                                     1841 წლის გურიის აჯანყება
             ბარათაშვილის ხანმოკლე ცხოვრებისა და მოღვაწეობის პერიოდში, 1841 წელს, მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორიც იყო გურიის აჯანყება. აჯანყებამ იფეთქა ორჯერ 1841 წლის მაისს-ივნისში და აგვისტო-სექტემბერში. ცნობილია, რომ გურულების მეორე გამოსვლის ჩახშობა მოხდა როგორც მთავრობის, ასევე, განსაკუთრებით, ქართველი თავადაზნაურობის მეშვეობით. აჯანყების უმთავრესი მიზეზი მებატონეთა განსაკუთრებული სისასტიკე იყო, რაც ტყვეებით ვაჭრობაშიც გამოიხატებოდა, მაგრამ ამას თან ერთვოდა უკმაყოფილება მთავრობისადმი, რომელიც ხელს უწყობდა მათ, ახალ-ახალი გადასახადებით აკაბალებდა გლეხებს და სამღვდელოებაც დაუკმაყოფილებელი გაუმაძღრობით ჩართული იყო მათ აკლება-აწიოკებაში. აჯანყებულებმა ოზურგეთს ალყა შემოარტყეს.
     აჯანყების ჩახშობაში მონაწილეობდნენ და უფრო მეტიც, სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდნენ, ბარათაშვილის უახლოესი ადამიანი _ გრიგოლ ორბელიანი და აგრეთვე მისთვის კარგად ცნობილი სამხედრო პირები _ მოსე არღუთინსკი, გიორგი საგინაშვილი (პოეტის მამიდაშვილი), დიმიტრი ჯორჯაძე (ბარათაშვილის მეგობარი).
    საინტერესოა, ბარათაშვილის დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი და მისი ერთგვარი შეფასებაც. ამის საშუალებას გვაძლევს ბარათაშვილის 1841 წლის 18 ოქტომბერს მიწერილი წერილი გრიგოლ ორბელიანისადმი, რომელშიაც სწორედ აჯანყების ჩახშობაზეა საუბარი. ბარათაშვილის წერილიდან ჩანს, რომ აჯანყების ჩასაქრობად წასულ ბიძას დიშვილისთვის მიუწერია ოპერაციაში მონაწილე ქართველების (იგულისხმება ქართლელებისა და კახელების) ქებისა და მათი ზღაპრული გმირობის შესახებ. ბარათაშვილი მას საპასუხო ბარათს უგზავნის:
       საყვარელო ძმაო გრიგოლ, შენი წიგნი მომიტანა დიმიტრი ჯორჯაძემ. დიდად მაამა ამ წიგნმა, მეტადრე ქართველების ქებამ. _ მაინთ თქვენ და იქით ანდრონიკოვი! მილიციამ, როგორც იტყვიან, ასახელა თავისი სახელი და ზღაპრული გმირობის ხმა დაიგდო მრთელს მხედრობაში; თვარემ შენ თვითონ შეიტყობ დაწვრილებით. _ მითამ როდის და რაში არა ვყოფილვართ კარგნი, მაგრამ ჩი მიქუნიმ!
       მჯერა სარდლობა არღუთინსკისა, საგინოვისა და გურამოვისა, რადგან შენ აქებ, მაგრამ მინდა ერთი ჩაგიხველოთ; შენი დიპლომატობა ხომ ადრევე ვიცოდი: ხუმრობა არ არის, რომ ქართველმა კაცმა გურულებს შეაგონოს ყოველივე უბედურება, რომელიც შეუდგების აღშფოთებას; შაბაშ მკლავთა და განკარგულებათა თქვენთა!“ (ბარათაშვილი 1968 : 175).
        ბარათაშვილის ამ წერილზე პირველად გიორგი ლეონიძე ამახვილებს ყურადღებას  სტატიაში _ „ორი შენიშვნა ბარათაშვილზედა აღნიშნავს: ბარათაშვილის ეს წერილი ეკუთვნის იმ დროს, როცა მისი ბიძა-პოეტი ბოლოს უღებდა ამბოხებას გურიაშიმკლავითა და განკარგულებით (ლეონიძე,ლიტ.მემკვიდრეობა 1940 : 626). 
      ცხადია, რომ ბარათაშვილიც აღტაცებულია მილიციის გამარჯვებით როგორც გურიაში, ასევე ოსეთსა და დაღესტანში (სადაც იბრძოდა წერილში ნახსენები ივანე ანდრონიკაშვილი). წერილში ჩანს მიზეზიც, რატომაც ემხრობა ბარათაშვილი აჯანყების ჩაქრობას; ქართველებს დიდი გამოცდილება აქვთ 1832 წლის შეთქმულების რეპრესიებისა. სწორედ ამაზე უნდა მიგვანიშნებდეს _ „უბედურება, რომელიც შეუდგების აღშფოთებას;  უბედურება ის შედეგია, რომელიც მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ ყოველგვარ გამოსვლას მოჰყვება. ბარათაშვილის წერილში იგივე განწყობა იკვეთება, რაც ჰქონდათ გადასახლებიდან დაბრუნებულ პატრიოტებს; ისინი შეეგუენ რუსეთის ხელისუფლებას და ქვეყნის წინსვლას რუსეთის ფარგლებში საქართველოს სიმშვიდესა და განათლების აღორძინებაში ხედავდნენ. XIX საუკუნის ქართველი მოღვაწეებისათვის დროისა და ვითარების სპეციფიკიდან გამომდინარე მისაღები აღმოჩნდა რუსეთის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაცია _ ასეთი იყო ქართველი თავადაზნაურობის საერთო განწყობა და იგივე განწყობა აქვს ნიკოლოზ ბარათაშვილსაც _ ძლივს საქართველოს მოუვიდა რუსი, რომელსაც ეყურება აქაურობისა (ბარათაშვილი 1968 : 178), _ წერს ის ერთ წერილში  გრიგოლ ორბელიანსმისი აღფრთოვანება კი გამოწვეულია ქართველ თავადაზნაურთა წარმატებებით და სიმამაცით, მნიშვნელობა არა აქვს სამხედრო ოპერაციის მიზნებს; პოეტის იდეალი სამხედრო სამსახურია. როგორც გიორგი ნატროშვილი წერს, მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში არა მარტო ჩვენში, არამედ რუსეთსა და ევროპაშიც ვინ მოსთვლის, რამდენ მწერალს ეცვა სამხედრო მუნდირი; იქნებ იმიტომ, რომ მაშინ ქვეყანა აფორიაქებული იყო და ხალხთა ბედი ბრძოლის ველებზე წყდებოდა (ნატროშვილი 1968 : 27).  ბარათაშვილის განუხორციელებელი ოცნება აისახება ერთი მხრივ იმაში, რომ პოეტი შენატრის თავის ახლობლებს, ბიძებსა თუ კლასის მეგობრებს, რომელთაც სამხედრო სამსახურში მაღალ კარიერას მიაღწიეს დათავბრუდამხვევიგამარჯვებებით გააოცეს იმპერიის პირველი პირები; მეორე მხრივ კი, სწორედ ეს აუხდენენელი ნატვრა იწვევს იმ სულიერ სიღრმეს, რომელიც არ გვხვდება მისი დროის არც ერთიმაღალჩინოსანი“, თუნდაცპოეზიის მეუფედაღიარებული და სახელგანთქმული, გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებაში.


                                                   სამსახური, მოხელეობა

                 ბარათაშვილმა გიმნაზიაში სწავლა 1835 წელს შეწყვიტა. მაშინ ის 17 წლის იყო, ხელმოკლე ოჯახის, ავადმყოფი მამისა და გაუთხოვარი დების პატრონი. ტატო მშობლების რჩევით და ერთგვარი ძალდატანებით, თანაც გამოუვალი მდგომარეობის გამო იძულებული გახდა მაშინვე დაეწყო სამსახური და ოჯახს დახმარებოდა. 1835 წლის 6 ნოემბერს . ბარათაშვილი დაინიშნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანცელარიის მოხელედ. იმის მაგივრად, რომ თავისი ოცნების აღსრულებისთვის ებრძოლა, რანაირიც არ უნდა ყოფილიყო ეს ოცნება _ სამხედრო სამსახურში შესულიყო ან ესწავლა უნივერსიტეტში, რაც მას უფრო შეეფერებოდა, იძულებული იყო კანცელარიაში აქტები და ოქმები ეწერა. სამხედრო სამსახურში შესვლაზე მას მშობლებმა უარი უთხრეს, უმაღლეს სასწავლებელში გაგზავნის საშუალება კი არ ჰქონდათ. ბარათაშვილის უახლოესი ნათესავები გრძნობდნენ, რომ მის ნიჭს გაღვივება ესაჭიროებოდა სწორედ განათლებითრუსეთში მყოფი პოეტის ბიძა გრიგოლ ორბელიანი, რომელსაც აფიქრებდა დიშვილის მომავალი, 1835 წლის 27 ივლისს სწერს თავის ძმას ზაქარიას: ჩემს საყვარელს დას ეფემიას თავის შვილებით დავჰკოცნი! ახა, ანგელოზო ჩემო, რად დამივიწყეს, რომ ერთის წიგნით აღარ მახსენეს, რასა იქს ტატიკო, კიდევ კოჭლობს თუ აღარა? და ან რას ჰსწავლობს? ურჩიე მელიტონს, რომ ეცადოს на казенном иждивении იმის გაგზავნა რომელსამე უნივერსიტეტში. _ Жаль, очень жаль будет если его умственные способности останутся без развития _ ნეტავი გამოგზავნოს დერპტსკის უნივერსიტეტში, რომელიცა არის უპირველესი რუსეთში. ძალიან ადვილია ამის აღსრულება, თუ კი მელიტონი ჰსთხოვს ბარონს /იგულისხმება ბარონი როზენი/ (გრ. ორბელიანი).
           ბიძის თანაგრძნობა შორიდან საკმარისი არ აღმოჩნდა დიშვილის დასახმარებლად. შემორჩენილი წერილებიდან ჩანს, რომ დიშვილმა წელიწადნახევრის შემდეგ თავად გადაუშალა გული ბიძას, ალბათ იმ იმედით, რომ მშობლებისგანგანაწირიმისგან მოელოდა შველას: აგერ წელიწად ნახევარია, რაც მე გიმნაზიაში კურსი დავასრულე და ვიმყოფები სუდაირასპრავაში. წარდგენილი ვარ ჩინზედ და ჩქარაც მოველი. მაგრამ უნდა აღვიარო, რომ არც პანციონში ყოფნის დროს, когда будущность моя представлялась мне в радужных мечтаниях, და არც მერე, ვიდრე სამსახურში შევიდოდი, სულ არ მომსვლია ფიქრად სამოქალაქო სამსახური: ჩემი სურვილი იყო ჯარის-კაცობა, იგი მზრდიდა მე აქამომდენ და ახლაც ხანდისხან კიდევ შთამომეპარება ხვალმე გულში. მაშ რაღამ დამიშალა, თუ კი ჩემი სურვილი იყო? აი რამ დამიშალა: ჩემთა მშობელთა მიზეზად ეს მომიდეს, რომ კოჭლი ხარო და, თუ არ ინვალიდის კომანდაში, სხვაგან არ მიგიღებენო. მაშინ, როდესაც ფერხი უკედ მქონდა და კარგადაც მაქვს, ასე, რომ ჩემებურად კიდეც ვხტი და კიდეც ვტანცაობ. მაგრამ რადგანაც შევიტყე უარი მათი და მით უამოვნობა, ვსთხოვე უნივერსიტეტში მაინც გაგზავნა, რომ თუ შტატსკი ვიყო, ვიყო... არც ეს შემისრულეს. უბედურებისა გამო, მამაც ამ დროს ავად შეიქნა და ავადმყოფი, ჩემს თხოვნაზე, ასე მეტყოდა: „შვილო, ხომ ჰხედავ შენის სახლის გარემოებასო, იქნება მე ვეღარც კი გავაწიო ამ სნეულებასაო, შენს სახლს არ უპატრონებო?“ ამის შემდეგ გული აღარ იყო, რომ კიდევ შემეწუხებინა მამა ჩემის თხოვნით. დავრჩი ისევ ჩემს მამულში; განვწესდი სამსახურში და დაუმორჩილდი ჩემს მკაცრს ბედსა, თუმც ხანდისხან ჯავრით დავაპირებ ხვალმე მასთან შებმას: ან ჩემი ბედი და ან ჩემი სურვილის აღსრულება. რადგანაც ასე მოხდა, მაშ აქ ეკსპედიციაზე კარგს ადგილს ვერ ვიპოვნიდი. უნდა მართალი ითქვას, რომ ეს ადგილი ყრმაწვილის კაცისათვის, ვისაც კი სამოქალაქო სამსახური უნდა, პირველი შკოლაა; ეს არის რომ круг чиновников не выгоден для оброзования нравственности, მაგრამ ეს თავიზედ არის დამოკიდებული (ბარათაშვილი 1968 : 169).
          ეს წერილი, მასში აღწერილი ფაქტებიდან გამომდინარე, ყველანაირ ახსნა-განმარტებაზე კარგად ახასიათებს ბარათაშვილის სულიერ მდგომარეობას. გარდა იმისა, რომ გეგმები, ოცნებები არ შეუსრულდა  (თითქოსდა საპატიო დაბრკოლებები გადაეღობა მათ, სამსახურით არც თუ უკმაყოფილოა, ჩინსაც ელის და სამოქალაქო სამსახურის მოსურნისათვის მისი თანამდებობა კარგი ადგილიცაა), ბარათაშვილი გრძნობს, რომ მოხელეთა წრე მისთვის შეუფერებელია, არაფრის მომცემი ზნეობრივი განვითარებისათვის, ამიტომაც ბედსდამორჩილებული, მაინც შეუტევს, შეებმება ხოლმე მას. წერილი მორიდებული პროტესტია იმ გარემოსადმი, რომელშიაც ბარათაშვილი ცხოვრობს, ახლობლებისადმი, რომლებიც აიძულებენ დამორჩილდეს ასეთ ყოფას, ყველასადმი, ვინც მას არ ეხმარება და, რა თქმა უნდა, აგრეთვე _ ადრესატისადმი. წერილს შედეგი არ მოჰყოლია.
       წლების შემდეგ, 1841 წლის 18 ოქტომბერს, დაწერილ წერილშიც, რომელშიც ბარათაშვილი თითქოს მხიარული მოჩანს, სარდლობას უქებს ბიძას და თბილისის ამბებს ატყობინებს, სხვათაშორის მაინც აღნიშნავს _ სხვა ტფილისი ისევ ის ქალაქია, უსარგებლო გონებისა და გულისათვის. ერთი ნუგეში ეს არის, რომ მშვენიერი დარებია (ბარათაშვილი 1968 : 175)წერილში ჩართულია ლექსივპოვე ტაძარი“, რომლის წაკითხვის შემდგომაც ნათელი უნდა გამხდარიყო მისი ავტორის სულიერი მდგომარეობა. ამ გულახდილი განდობებისა თუ მინიშნებების შემდგომ ბიძას უნდა ეგრძნო უნუგეშო,  „ობოლი“, „მწირი“, „მიუსაფარი“ _ რწმენადაკარგული კაცის ტრაგედია, რომლისთვისაც თბილისის ცხოვრობა დამღუპველია. შეიძლება იგრძნო კიდეც, მაგრამ არც ამას მოჰყოლია რაიმე შედეგი.
     ბარათაშვილი კიდევ ერთხელ, 1943 წლის 21 აგვისტოს, „შეახსენებსბიძას თავის მდგომარეობას და ამჯერად პირდაპირ საყვედურობს მას. მიმართვაში უკვე იგრძნობა არა მორიდებული, არამედ ირონიული ტონი: საყვარელო ძმაო გრიგოლ, არა, უკაცრავად, მთავარო ავარისაო, ემირ-ავარო, ატილლას ტახტზედ მჯდომარეო!“ ამას მოჰყვება არა ბოდიშის მოხდა წერილის დაგვიანების გამო, არამედ, საპირისპირო, ბიძისადმი საყვედური, რომ მისი წერილები მხოლოდ დაპირებებია: ჭეშმარიტად, არ ვიცი, მე ვარ დამნაშავე შენთან მოუწერლობისა, თუ არა? ვისთანაც შენგან მოწერილი წიგნი წავიკითხე, ყველასთან ხუმრობისა და ლანძღვის მეტი არა იყო რა, ჩემთან რომ ფარატინი გამოგეგზავნა, ისიც დაპირების მეტი არა იყო რა. ბარათაშვილს სერიოზულად სურს ბიძასთან საუბარი, რომელსაც დიდი, თუმცა დიშვილის დასაცინი, თანამდებობა უჭირავს: მე ბინიანად მინდა შენთან ლაპარაკი, და ხომ იცი, რომ საწყინოა ამისთანა ლაპარაკის გაცრუება. საკვირველია, რომ ქართველს კაცს, რაოდენიც დიდებული და ძლიერი უნდა შეიქმნეს არა აქვს ეს შორსმხედველობა, რომ როდესაც დაატყოს თავის თავს ვბერდებიო, პოვოს თავის მემკვიდრედ ვინმე, მოამზადოს, მისცეს გზა სოფელში, გამოიყვანოს კაცად, და როდესაც თვითონ დაეცეს (საბოლოო არა არის რა ამ საწუთოში), მაშინ მაინც კიდევ ჰქონდეს შემძლებლობა და ხმა ერსა შორის თავის მემკვიდრის შუამავლობით!“ (გრ. ორბელიანი). ბარათაშვილს  ბიძის მემკვიდრედ ყოფნა სურს, უწუნებს მას შორსმჭვრეტელობას და შეახსენებს, რომ თანამდებობაცა და ამით მოპოვებული სახელიც პირობითია, წარმავალი. ამ ამაღელვებელი სიტყვების შემდეგ კი პირდაპირ, ყოველგვარი შენიღბვის გარეშე უმხელს თავის მდგომარეობას და დახმარების ხელს სთხოვს: ახლა მე იმას ვამბობ, რომ მე შინაგანი ხმა მიწვევს საუკეთესოს ხვედრისაკენ, გული მეუბნება, რომ შენ არა ხარ ახლანდელის მდგომარეობისათვის დაბადებულიო! ნუ გძინავსო! მე არ მძინავს, მაგრამ კაცი მინდა, რომ ამ პატარა ღრე-კლდეს გამიყვანოს, და დავდგე გაშლილს ადგილს. ოჰ, რა თავისუფლად ამოვისუნთქავ მაშინ, რა ხელმწიფურად გაედავხედავ ჩემს ასპარეზსა. ამას სწერს უკვე  ავტორი ლექსისა _ „მერანი“, რომელიც გრიგოლმა ერთ-ერთმა პირველმა წაიკითხა, გრძნობს, რომ დროს უსწრებს, მაგრამ ღრე-კლდეშია გაჩხერილი, გრძნობს თავის ხელმწიფურ ასპარეზს და არც მალავს უკვე მორიდებადაძლეული. პირდაპირ საქმეზე გადადის: ჩემი ფიქრი მანდეთ მოქრის. ეცადე, რომა რენენკამფთან დამანიშვნინო. ხომ ამ პირობით წახველ, რომ ეს მოგეხდინა ჩემთვის. ვიცი, დაგავიწყდა, მაგრამ არა, არ დაგვიწყებია. ეს იმ სნეულების ბრალია, რომლისა გამოც ქართველი თავისიანს არ გამოადგება... მე ახლავ მიტყობს გული, რომ ამ ჩემს მხურვალეს განსჯას გამიტრიზავებ: ემირობა მასხრად აიგდე, და მომავლის დიდების ფიქრს რას უზავ? სხვებრ შენ იცი (ბარათაშვილი 1968 : 182-183). მომავლის დიდება მართლაც ხვდა ბარათაშვილს, ხოლო ემირობა და დიშვილისთვისარგამოდგომადღესაც, სხვადასხვა სახის გამართლების მიუხედავად, მძიმე ტვირთად აწვება გრიგოლ ორბელიანს. წერილში ჩართულია ლექსისულო ბოროტო“. ამას იმიტომ აღვნიშნავთ, რომ უფრო მეტად ნათელი იყოს ბარათაშვილის სევდა-უიმედობა და ამ ყოველივეს გამო გრიგოლ ორბელიანის საქმის კურსში ყოფნა. ნიკოლოზ ბარათაშვილისთვის სამსახური არაფერია, სიცარიელეა, გინდა ყოფილა, გინდა არა, უინტერესოა, რადგან არ იძლევა სულიერ საზრდოს: სხვა რაღა მოგწერო, მეც სამსახურში მივეშურები, и вообще здесь «И грустно, и скучно» (ლერმონტოვის ლექსიდან) и некому руку подать в минуту душевной невзгоды“ (იქვე).
      ბარათაშვილის წერილებიდან და ამ წერილებში ჩართული ლექსებიდან  ადვილი წარმოსადგენი ხდება ბარათაშვილის სულიერი განწყობა. ვერ ვიტყვით, რომ ის ოდესმე შეურიგდა თავის ბედს, მაგრამ, აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ თავის სამსახურეობრივ მოვალეობას ყოველთვის ჩინებულად ასრულებდა. თავისი ლამაზი და გარკვეული ხელით წერდა ოქმებს და დოკუმენტები ყოველთვის წესრიგში ჰქონდა, ამიტომაც თავისი უფროსის _ ილინსკის _ მოწონება დაიმსახურა. ილინსკი თურმე არ მოელოდა მოუსვენარი და სულ მუდამ სამსახურის გარეთ მოსიარულე მოხელისაგან ასეთ წესრიგს.
    1841 წელს კავკასიაში სამოქალაქო დაწესებულებათა რევიზიისთვის თბილისში ჩამოვიდნენ სამხედრო მინისტრი ჩერნიშოვი და სტატს-სეკრეტარი პოზენი, რომლებმაც სხვა საქმეებთან ერთად შეამოწმეს ბარათაშვილის მიერ წარმოებული საქმეებიც და შესაძლოა გამიზნული პოლიტიკის გამო, მაგრამ სწორედ ბარათაშვილის მუშაობის საფუძველზე გამოსცეს ბრძანება, რომ ქართველებს უპირატესობა მისცემოდათ სამსახურში. ზემოთნახსენებ პალატის  უფროსს ილინსკის კმაყოფილებით უთქვამს: „ბარათაშვილი ჩემს ადგილზე იჯდებაო“. მეორე მოხელე-ბიუროკრატი, საქართველოს იმერეთის პალატის თავმჯდომარე დენინი ბარათაშვილის შესახებ მეფისნაცვალს სწერდა: მოხელე ესე, ნიჭიერებით ჩინებული, უნარით, სამაგალითო ბეჯითობით სამსახურში და კეთილშობილ ყოფაქცევით იქცევს თავის თავზე უფროსების ყურადღებასო (ლეონიძე 1945 : 16).
       ბარათაშვილმა მიაღწია ვისთვის მცირე, ვისთვის დიდ წარმატებებს. ექსპედიციის კანცელარისტობიდან თავადაზნაურობის სამეურვეო ნაწილის მაგიდის უფროსად გადაიყვანეს, შემდეგ სააპელაციო საქმეთა გამგებლად, რადგან ამ თანამდებობისათვის ნიჭიერი და საიმედო კაცი ესაჭიროებოდათ; 1843 წელს მიიღო ჩინიგუბერნსკი სეკრეტრისაწლების მანძილზე კარგი ნამსახურობისათვის, იმავე წლის ნოემბერს კი _ „კოლეჟსკი სეკრეტრისჩინი. მიუხედავად გარკვეული კარიერისა, ბარათაშვილმა მაინც უარი თქვა კანცელარიის მოხელეობაზე, რადგან, როგორც იქნა, იშოვა სამხედრო სამსახურის მსგავსი თანამდებობა _ კლასის მეგობარმა ლევან მელიქიშვილმა, რომელიც ნახჭევანის მაზრის უფროსად დაინიშნა, ბარათაშვილი თავის დროებით თანაშემწედ წაიყვანა.

      ბარათაშვილის მოხელეობის პერიოდისთვის დამახასიათებელია ერთი გარემოებაც. რამდენადაც პოეტს სულს უხუთავს გარემო, რომელშიაც ის იმყოფება და თავისთვის შეუფერებლად თვლის, იმდენად ეს გარემო ეხმარება მას ჩაუღრმავდეს თავის სულიერ სამყაროს და იფიქროს ამ გარემოს შეცვლის გზებზე, საზოგადოების ზნეობრივ განვითარებაზე, რაც უცხოა მოხელეთა წრისათვის. ამ მხრივ საყურაღდღებოა ნიკოლოზის სკოლის ამხანაგის, კონსტანტინე მამაცაშვილის მოგონება. 1837 წელს არტილერიის კურსდამთავრებული კონსტანტინე, რომელიც თბილისში ჩამოვიდა, რა თქმა უნდა, შეხვდა ბარათაშვილსაც. ის ამგვარად ახასიათებს პოეტის ცხოვრების აღნიშნულ პერიოდს: ნიკოლოზ ბარათაშვილი დამხვდა ახალს გიმნაზიაში კურსშესრულებული და მსახურობდა სტოლნაჩალნიკათ პალატაში. ძველი ჩვენი ამხანაგური მეგობრობა განვაახლეთ დიდის სიამოვნებით; ნიკოლოზს სიკვდილამდე ჰქონდა შეუცვლელი მეგობრული კავშირი თავის ამხანაგებთან, იმათ შორის ჩემთანაც. იმ დროს თბილისში არაფერი საზოგადო გასართობელი ადგილი არ გვქონდა: არც თეატრები, არც კონცერტები, არც კლუბები. ჩვენი დროს გატარება იყო ან ერთად სადილობა ან ერთად საღამოზედ ყრილობა. ხშირად შევიყრებოდით ხოლმე ახალგაზრდა ამხანაგები ხან ნიკოლოზ ბარათაშვილთან, ხან . ლევან ივანეს ძე მელიქოვთან, ხან სადილად გარეუბნის ბაღებში. ჩვენი დროის გატარება იყო ლაპარაკი მაშინდელს ლიტერატურაზედ, სწავლაზედ, სხვადასხვა ჩვენს გარემოებაზედ... ქართული დარბაისლური მეტყველი ხუმრობა, შექცევა, სიმღერა. ვისაც სურდა ქაღალდს თამაშობდა, ნარდს, ჭადრაკს; ქაღალდის თამაშობაში ნიკოლოზ ბარათაშვილიც მიიღებდა ხოლმე მონაწილეობას, მერმე მეგობრული ვახშამი და ვახშმის შემდეგ სეირნობა მთვარიან ღამეს ქუჩებში და ზოგჯერ ბაღშიაც (მაშინ მთელი თბილისი შემორტყმული იყო ბაღებითა, მთელი სოლოლაკი ბაღები იყო). ხშირად გვქონდა ლაპარაკი ჩვენს წარსულს ცხოვრებაზედ...“ (მამაცაშვილი 1893). სწოროდ ასეთი საღამოების დროს იწყება ფიქრი საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე; სწორედ ასეთი საღამოების დროს გადაწყვიტეს მეგობრებმა თავადთა სახლებში გაბნეული საქართველოს ისტორიის მატიანეების, საინტერესო სიგელებისა და გუჯრების შეგროვება და საქართველოს ისტორიის დაწერა. სწორედ ასეთ საღამოს, გარეთუბანში სეირნობისას კონსტანტინე მამაცაშვილსა და ტატოს შორის ჩამოვარდა საუბარი მე-18 საუკუნის ტრაგიკულ დასასრულზე, მეფე ერეკლეს უღონობაზედ და აღა-მაჰმად ხანის მიერ თბილისის აოხრებაზე. ტატოს სახეზე ცრემლები წამოსვლია და უთქვამს: „ჩვენმა უხეირობამ დაგვღუპა... ვაი ჩვენო ქართლის ბედოო!“ ასეთი საღამოების დროს დაიბადა ფიქრი პოემაზეცბედი ქართლისა“, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მე-19 საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიაში და რომელიც ამ შეხვედრიდან არც ისე ცოტა ხანში (რამდენიმე წელში), 1839 წელს დაიწერა, ხოლო საბოლოო სახე 1843 წელს მიიღო


No comments:

Post a Comment